19 მაისს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში, პროფესორ მინდია უგრეხელიძისთვის აკადემიურ სფეროში დამსახურებული განსაკუთრებული პროფესიული აღიარებისთვის, ემერიტუსის საპატიო წოდების მინიჭების ცერემონია გაიმართა.
საზეიმო ღონისძიებაზე შესაბამისი ჯილდო მას კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორმა, კახაბერ კორძაიამ გადასცა.
ამავე დღეს აღინიშნა მინდია უგრეხელიძის 80 წლის იუბილე. საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამომსვლელებმა მას აღნიშნული თარიღი მიულოცეს, ისაუბრეს მინდია უგრეხელიძის მრავალწლიანი ნაყოფიერი მოღვაწეობის შესახებ და სამართლის დარგში მის განსაკუთრებულ მიღწევებს გაუსვეს ხაზი. თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორმა, პროტოპრესვიტერმა, მამა გიორგი ზვიადაძემ მინდია უგრეხელიძეს სრულიად საქართველოს კათოლიკოსპატრიარქის, ილია II-ს მისალოცი წერილი გააცნო. ღონისძიებაზე ასევე სიტყვით წარდგნენ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის კანცლერი ვახტანგ წივწივაძე, უნივერსიტეტის რექტორი კახაბერ კორძაია, სამართლის ფაკულტეტის დეკანი გიორგი ხატიძე, იუსტიციის მინისტრი მოადგილე ბექა ძამაშვილი, სოფლის მეურნეობის ყოფილი მინისტრი ბაკურ გულუა, იურისტი აპოლონ გადელია, ასოცირებული პროფესორები - ბექა ქანთარია და პეტრე მამრაძე.
ღონისძიებას მოდერატორობა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამეცნიერო კვლევების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, სესილი გოგიბერიძემ გაუწია.
ამავე დღეს, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის იმიტირებულ სასამართლო დარბაზს, აკადემიკოს მინდია უგრეხელიძის სახელი მიენიჭა.
ცნობისთვის, მინდია უგრეხელიძე სხვადასხვა დროს იყო საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში პირველი ქართველი მოსამართლე, „იურისტთა მსოფლიო ასოციაციისა“ და „სისხლის სამართლის საერთაშორისო ასოციაციის“ წევრი, 2009 წლიდან არის ევროსაბჭოს სისტემაში მოქმედი თბილისის პოლიტიკური სკოლის ექსპერტი, მიმდინარე წელს კი საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ნამდვილ წევრად აირჩიეს. იგი დღემდე იკავებს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელის პოზიციას. არის მრავალი სამეცნიერო ნაშრომისა და მონოგრაფიის ავტორი.
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში გამართულ ღონისძიებას უნივერსიტეტის ხელმძღვანელობა, სამთავრობო და კერძო სექტორის, ასევე აკადემიური და სამეცნიერო საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება