25 ივნისს ხონის მუნიციპალიტეტში საზეიმო ვითარებაში ოფიციალურად გაიხსნა მულტიფუნქციური სკვერი.
ახალი სივრცე ხონის მუნიციპალიტეტის მერმა, ლადო ჯურხაძემ და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, გელა ჩოგოვაძემ გახსნეს.
აღსანიშნავია, რომ მულტიფუნქციური სკვერი კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის კანცლერის, ვახტანგ წივწივაძის თანადაფინანსებით მოეწყო.
ღონისძიებას ესწრებოდნენ მერის პირველი მოადგილე გერასიმე მჟავანაძე, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის წარმომადგენელი ბექა მანაგაძე, ასევე ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლები.
„ეს სკვერი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული თავშეყრის ადგილი გახდა ჩვენს ქალაქში. ყოველდღიურად ვხედავ უამრავ ახალგაზრდას, ბავშვსა და უფროსს, რომლებიც საღამოობით აქ იკრიბებიან. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ პროექტი წარმატებულია.
როცა საკითხს იდეის დონეზე განვიხილავდით, ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო, ამ სასიკეთო საქმეში კერძო სექტორიდან პარტნიორი გვყოლოდა. ძალიან სასიხარულოა, რომ თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა ხონელებისთვის პატივსაცემმა ბატონმა ვახტანგ წივწივაძემ. სწორედ მისი ჩართულობით და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების თანადაფინანსებით შევძელით ამ ახალი სივრცის შექმნა“ - განაცხადა ლადო ჯურხაძემ.
სოლომონ მეორის ქუჩაზე განთავსებული მულტიფუნქციური სკვერი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად არის მოწყობილი და სხვადასხვა ასაკის მოქალაქეზეა გათვლილი. სკვერი აღჭურვილია დასასვენებელი ზონებით, საბავშვო მოედნით, სპორტული კუთხითა და ღია საზოგადოებრივი სივრცით, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნას კულტურულ თუ საგანმანათლებლო ღონისძიებებისთვის.
პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტით, ევროკავშირისა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) დაფინანსებითა და კავკასიის საერთასორისო უნივერსიტეტის მხარდაჭერით განხორციელდა.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება