15 მარტს საქართველოს პარლამენტის პირველი რესპუბლიკის დარბაზში იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ორგანიზებით კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროექტის „კონსტიტუციონალიზმის ტრილოგიის“ მეორე, ათასგვერდიანი ტომის „საკონსტიტუციო იდეები და პროცესები ქართულ პუბლიცისტიკაში - ბრძოლა კონსტიტუციური დემოკრატიისათვის (1990-1995)“ პრეზენტაცია გაიმართა.
კრებულის კონცეპტუალური გააზრება, შესავალი წერილი და სამეცნიერო რედაქცია ეკუთვნის კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორს, მინდია უგრეხელიძეს, ხოლო პროექტის ავტორი და ხელმძღვანელია ასოცირებული პროფესორი, ბექა ქანთარია. პროექტის სარედაქციო-საგამომცემლო ჯგუფს წარმოადგენს უნივერსიტეტის სტუდენტები დიმიტრი ცანავას ხელმძღვანელობით.
პრეზენტაცია საქართველოს პირველი კონსტიტუციის 100 წლის იუბილეს მიეძღვნა. აღინიშნა, რომ პირველი ქართული კონსტიტუცია მრავალათასწლოვანი ქართული სახელმწიფოსა და სამართლის გვირგვინს, ქართველი ერის პოლიტიკური და სამართლებრივი კულტურის გამოხატულებას წარმოადგენს. კრებული ქართული კონსტიტუციონალიზმის უახლეს ისტორიას ასახავს. აქ მკითხველი გაეცნობა 70 წლიანი საბჭოთა რეჟიმის შემდეგ 1921 წლის კონსტიტუციის თაობაზე არსებულ მოსაზრებებსა და შეფასებებს. ამ თვალსაზრისით კრებული 1921 წლის კონსტიტუციის მემატიანეა.
როგორც პრეზენტაციაზე ითქვა, კრებულის შედგენის ძირითადი მიზანია ისტორიული წყაროების შენარჩუნება და მომავალი თაობებისათვის გადაცემა. დღემდე უამრავი დოკუმენტია დაკარგული, მაგალითად, 1993-1995 წლების სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის სხდომის სტენოგრაფიული ანგარიშები. გამქრალია კავკასიის ინსტიტუტის გაზეთი „Georgian Chronical“, სადაც 1994-1995 წლებში საქართველოს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიისა და პარლამენტის პლენარული სხდომის მასალები იყო გამოქვეყნებული.
პრეზენტაციაზე აღინიშნა, რომ კრებული დასტურია იმისა, რომ ქართველი ერისთვის ნიშანდობლივია კონსტიტუციური აზროვნება, რომ ქართველი ერი პატივს სცემს კონსტიტუციონალიზმის იდეას.
პრეზენტაციას საქართველოს პარლამენტის წევრები, პარლამენტის აპარატის თანამშრომლები, კონსტიტუციონალისტები, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები, ადმინისტრაციის წარმომადგენლები და სტუდენტები ესწრებოდნენ.
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი 26 მაისს გეგმავს „კონსტიტუციონალიზმის ტრილოგიის“ მესამე ტომის პრეზენტაციას, რომელიც მიეძღვნება უშუალოდ საქართველოს პირველი კონსტიტუციის 100 წლის იუბილეს.