კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიზნესის ფაკულტეტის დეკანი ირმა მახარაშვილი და ტურიზმის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელი, ასოცირებული პროფესორი - ლალი მიქელაძე სტუდენტებს შეხვდნენ და უნივერსიტეტსა და რომულ დელ ბიანკოს ფონდს შორის სამომავლო ურთიერთობების მნიშვნელობა განიხილეს. ლალი მიქელაძემ აუდიტორიას ფონდის შექმნის ისტორიის, ფუნქციონირების, მისიის, მიზნის, პარტნიორი ორგანიზაციების, მიმდინარე თუ სამომავლო გეგმების შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა. განიხილა ტრენერთა ტრენინგის შედეგები, რომელშიც მონაწილეობაც 22-26 ოქტომბერს, რომულო დელ ბიანკოს ფონდის („ცხოვრება ტურიზმის გზით“ - იტალია ქ. ფლორენცია) მიწვევით მიიღო.
შეგახსენებთ, რომ კსუ-ს ტურიზმის საბაკალავრო-საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელის მიერ წინასწარი მოლაპარაკებების საფუძველზე, ვიზიტის ფარგლებში კსუ-სა და ფონდს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელიც უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის ინტერნაციონალიზაციის პროცესის გაძლიერებისა და გამრავალფეროვნებისთვის მნიშნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია.
ტურიზმის პროგრამის ხელმძღვანელმა, თავის გამოსვლა რამდენიმე ნაწილად დაყო და სტუდენტებთან სრულად მიმოიხილა ტრენინგების განმავლობაში ჩატარებული ყველა აქტივობა, ინოვაცია, შესაძლებლობა და რესურსი, რასაც რომულო დელ ბიანკოს ფონდი სთავაზობს ახალგაზრდებს.
პირველ რიგში, ლალი მიქელაძემ ტურიზმის პროგრამის სტუდენტებს ფოტოკონკურსის პლატფორმა გააცნო. მან მონაწილეობისა და რეგისტრაციის პირობების შესახებ დეტალურად ისაუბრა და ამ კონკურსით დაინტერესებულ სტუდენტებს სრული მხარდაჭერა და დახმარება აღუთქვა.
ლალი მიქელაძემ, ფონდის ეგიდით 1-3 მარტს (2019 წ.) გასამართი კონფერენცია-კონგრესის შესახებაც გაამახვილა ყურადღება და ანალოგიურად, დაინტერესებული სტუდენტებისათვის, საკონფერენციო ნაშრომებისა და თემების დამუშავების პროცესში, სრული მზადყოფნა გამოთქვა.
პროგრამის ხელმძღვანელმა, სტუდენტებს რომულო დელ ბიანკოს ფონდის ვებ-გვერდი, სხვა საძიებო ვებ-პლატფორმები გააცნო და ამ რესურსების გაცნობა-შესწავლა სთხოვა.
ტურიზმის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელმა, ასოცირებულმა პროფესორმა - ლალი მიქელაძემ თავისი პრეზენტაცია-ანგარიშში ის კულტურული-გასვლითი ვიზიტებიც შეაჯამა, რომელსაც ტრენერების ტრენინგი მოიცავდა, კერძოდ პროფესორმა ვრცლად ისაუბრა ტოსკანას რეგიონის მევენახეობა-მეღვინეობის, შატოების, ქ. ფლორენციის სასტუმროების, კვების ობიექტების კულტურული მემკვიდრეობის, გარემოს დაცვისა და ტურიზმის მდგრადი განვითარების ტენდენციებზე და ამ აქტუალური საკითხების ფონდისეულ მოდელზე.
აღსანიშნავია, რომ რომულო დელ ბიანკოს ფონდი არის UNWTO-სა და ICOMOS - წევრი და მასში გაერთიანებულია 5 კონტინენტი, 5212 ქალაქი, 111 ქვეყანა და 500 ინსტიტუცია, რომელთა რიგებს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტიც შეუერთდა.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება