27 ივნისს, არასამთავრობო ორგანიზაცია „ითიდის” ორგანიზებით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობით გაიმართა პროექტი - „მწერლის სამართალი”, რომლის მიზანია სამართალსა და ლიტერატურას შორის კავშირის წარმოჩენა, მონაწილეებისათვის აკადემიური წერის სპეციფიკის გაცნობა და საკუთარი პოზიციის ფართო აუდიტორიის წინაშე არგუმენტირებულად და თავისუფლად დაფიქსირების უნარის გაუმჯობესება.
პირველ დღეს, პროექტში მონაწილეობა მიიღო და მოხსენებით წარსდგა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელი, პროფესორი, სამართლის დოქტორი - მინდია უგრეხელიძე, თემაზე: „ლიტერატურული პარალელებისა და პარადიგმების მნიშვნელობა სამართლის კვლევისა და სწავლებისთვის“.
მინდია უგრეხელიძემ მოხსენებაში ყურადღება გაამახვილა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში დანერგილ თანამედროვე სწავლების მეთოდებზე, ამ მიმართულებით კი აღსანიშნავია საგანი - „სამართლის კვლევის მეთოდები“.
შეგახსენებთ, რომ პროექტი განკუთვნილი იყო ქვეყნის მასშტაბით მოქმედი ყველა აკრედიტირებული უნივერსიტეტის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხურზე მყოფი ნებისმიერი ფაკულტეტის სტუდენტისათვის, რომელიც ფლობს ინგლისურ ენას B1 დონეზე.
აღსანიშნავია, რომ პროექტში მონაწილეობა ქართულ და ინგლისურ სამუშაო ენებზე 15-მა მომხსენებელმა მიიღო, პროექტის ფორმატი კი ითვალისწინებდა ლექციათა ციკლის წარმართვას ინტერაქციულ რეჟიმში რამდენიმე დღის განმავლობაში.
პროექტის პირველი დღის მომხსენებლები იყვნენ: თევდორე ნინიძე - „იურიდიული რემინისციები მე-19 საუკუნის ქართულ ლიტერატურაში“; მინდია უგრეხელიძე - „ლიტერატურული პარალელებისა და პარადიგმების მნიშვნელობა სამართლის კვლევისა და სწავლებისთვის“; გიორგი დავითაშვილი - „ქართული ჩვეულებითი სამართლის ასახვა ვაჟა-ფშაველას პოემებში „სტუმარ-მასპინძელი“ და „ალუდა ქეთელაური“. მეორე დღე: დიმიტრი გეგენავა - „სამართლისა და მორალის ურთიერთმიმართება ალბერ კამიუს „უცხოს“ მიხედვით“; ირინა რუვინსკი - „სამართალი და ლიტერატურა ფრანც კაფკას „პროცესის“ მიხედვით“; ირინა რუვინსკი - „აკადემიური წერა“.
პროექტის დასასრულს ყველა მონაწილეს გადაეცა ორენოვანი სერტიფიკატი და სიმბოლური საჩუქრები ორგანიზაციისგან, ხოლო ბოლო ეტაპზე, წარდგენილი ნაშრომების საფუძველზე გამარჯვებულები გამოვლინდნენ.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება