ქვეყანაში შექმნილი საგანგებო სიტუაციიდან გამომდინარე, საქართველოს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა შექმნა ახალი საგანმანათლებლო ტელეარხი - „პირველი არხი - განათლება“, რომელიც უკვე ეთერშია.
აღნიშნულ ტელეარხზე, განათლების სამინისტროსა და საქართველოს პირველი არხის ერთობლივი პროექტის, „ტელესკოლის“ ფარგლებში, 30 მარტიდან მოსწავლეები ტელეგაკვეთილებს იხილავენ. განათლების სამინისტროსთან ერთად მომზადდა გაკვეთილების ცხრილი, რომელიც, კლასების მიხედვით, მოიცავს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ საგნებს.
„პირველი არხი - განათლების“ ეთერში შაბათ-კვირას გავა კლასგარეშე საკითხავი გაკვეთილები, საგანმანათლებლო-შემეცნებითი მასალა, რომელიც არამხოლოდ ბავშვებისთვის, არამედ ყველა ასაკის მაყურებლისთვის იქნება განკუთვნილი.
აღსანიშნავია, რომ მათ შორის იქნება კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მულტიმედია ცენტრის მიერ მომზადებული ფილმების სერია „ქართლის ცხოვრება მარიამ ლორთქიფანიძესთან ერთად“, რომელიც თექვსმეტი სასწავლო-შემეცნებითი დოკუმენტური ფილმისგან შედგება. მასში საქართველოს ისტორიის ეტაპები და საუკუნეების მანძილზე განვითარებული მოვლენები მსოფლიო ისტორიულ პროცესებთან მიმართებაშია განხილული და გააზრებული.
შემეცნებით-დოკუმენტურ ფილმებს პედაგოგები სასწავლო პროგრამის ნაწილად გამოიყენებენ.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება