22 ოქტომბერს, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში, DAAD-ის თბილისის საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელმა გებჰარდ როილმა ფონდის საქმიანობასა და პროგრამებთან დაკავშირებით საინფორმაციო შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე გებჰარდ როილმა DAAD-ის ფონდის ისტორია და საქმიანობის ძირითადი მიმართულებები მიმოიხილა. აღსანიშნავია, რომ საქართველოში ფონდის პირველი სტიპენდიანტი ჯერ კიდევ 1988 წელს იყო, მას შემდეგ კი ფონდმა აუმრავ ქართველ სტუდენტსა და მკვლევარს მისცა საშუალება გერმანიაში მიეღო უმაღლესი განათლება ან ეწარმოებინა მისთვის აქტუალური კვლევები.
საინფორმაციო შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა DAAD-ის სასტიპენდიო პროგრამებზე, რომლებიც ბაკალავრიატის, მაგისტრატურის, დოქტორანტურის სტუდენტთა, ასევე აკადემიური პერსონალის წარმომადგენელთა და ახალგაზრდა მკვლევართა სასწალო-კვლევით საქმიანობაში ჩართვას ითვალისწინებს გერმანიაში.
DAAD-ის ფონდი 1925 წელს ჰაიდელბერგში, სტუდენტების ინიციატივით დაარსდა, დღესდღეობით კი ის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ფონდს წარმოადგენს, რომელიც საერთაშორისო დონეზე უზრუნველყოფს სტუდენტებისა და მეცნიერების გაცვლას.
დაარსებიდან დღემდე DAAD-მა ორი მილიონი ადამიანი დააფინანსა გერმანიასა და მის ფარგლებს გარეთ. ის დღეს გერმანული უმაღლესი სასწავლებლებისა და სტუდენტური კავშირების გაერთიანებას წარმოადგენს. თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ DAAD-ის საქმიანობა სცილდება მხოლოდ სტიპენდიების სფეროს: DAAD ხელს უწყობს უმაღლესი სასწავლებლების ინტერნაციონალიზაციას, განვითარების ეტაპზე მყოფ ქვეყნებს ეხმარება კონკურენტუნარიანი უმაღლესი სასწავლებლების შექმნაში, იმავდროულად კონსულტაციას უწევს განათლების, მეცნიერებისა და განვითარების პოლიტიკის სფეროს ექსპერტებს.
საინფორმაციო შეხვედრას უნივერსიტეტის ხელმძღვანელობა, ადმინისტრაციის წარმომადგენლები, აკადემიური პერსონალი და სტუდენტები ესწრებოდნენ.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება