12 ოქტომბერს, შარდენზე, „ქართული ღვინის ფესტივალი 2019“ გაიმართა, რომლის გენერალური სპონსორი კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი იყო. ფესტივალში, რომელიც „პალიტრა მედიას“, მედიაპორტალ allwine.ge-სა და „მეიდან ჯგუფის” ორგანიზებით უკვე მესამედ ჩატარდა, მონაწილეობას იღებდნენ როგორც დიდი კომპანიები, ასევე მცირე მარნები და სტარტაპები.
ფესტივალზე კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტმა თავის სტენდზე სტუდენტური ხაზით შექმნილი ღვინოები წარმოადგინა, რომლებმაც ქართველ და უცხოელ სტუმართა შორის დიდი მოწონება დაიმსახურეს - „საფერავი“; „ვარდისფერი საფერავი“; „რქაწითელი“; „ქვევრის რქაწითელი“; „თავკვერი“; „ციცქა ცოლიკოური“; „კაბერნე სოვინიონი“; „ველური ვაზი“.
ფესტივალზე სიტყვით წარსდგა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორი კახაბერ კორძაია. მან სიტყვით გამოსვლისას ფესტივალის მნიშვნელობასა და მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტზე ისაუბრა, რომელიც კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა.
ფესტივალის ფარგლებში ასევე ჩატარდა კსუ-ს ქართული მევენახეობა-მეღვინეობის სამაგისტრო პროგრამის კურსდამთავრებულისა და ფაკულტეტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომლის შენგელი კიკილაშვილის მასტერკლასი, ღვინისა და მისი დეგუსტაციის შესახებ.
დასასრულს კი სტუმართა წინაშე წარსდგა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ანსამბლი „კავკასიელი“, ბეჟან წინწალაშვილის ხელმძღვანელობით, რომლებმაც 3 მუსიკალური ნომერი შეასრულეს.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება