17 სექტემბერს, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, თემქისა და სანზონის მაჟორიტარმა ზაზა გაბუნიამ, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრთან, მიხეილ ბატიაშვილთან ერთად საარჩევნო ოლქის, თემქისა და სანზონის სკოლების მოსწავლეებს დედაენა წარუდგინა.
შეხვედრა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორმა, კახაბერ კორძაიამ გახსნა. მან ინიციატივის ავტორებს მადლობა გადაუხადა დედაენის განახლებული ვერსიის სკოლებში დაბრუნებისთვის და წიგნის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.
ზაზა გაბუნიამ სკოლის მოსწავლეებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა და დედაენის სკოლებში დაბრუნების საკითხი მიმოიხილა. „მინდა მივულოცო ამ ბავშვებს, რომ ისინი სრულიად განსაკუთრებული მოვლენის თანამონაწილეები გახდნენ, იმიტომ რომ მათ წელს სკოლაში დახვდათ იაკობ გოგებაშვილის დედაენა. მე ამაყი ვარ იმით, რომ ჩემს კოლეგასთან, მარიამ ჯაშთან ერთად მოვამზადე კანონპროექტი, რომელმაც კანონად ქცევის შემდეგ შექმნა სამართლებრივი გარანტიები „დედა ენის“ ფორმალურ საგანმანათლებლო პროცესში - სკოლებში დაბრუნებისთვის, მინდა მადლობა გადავუხადო განათლების მინისტრს, რომელმაც იმ მოლოდინის გათვალისწინებით, რომელიც საზოგადოებას ქონდა შესანიშნავად წარმართა ეს პროცესი და შედეგად მივიღეთ ის რომ ახალ სასწავლო წელს პირველკლასელი მოსწავლეები დედაენით შეხვდნენ.“ - განაცხადა ზაზა გაბუნიამ.
განათლების მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა ხაზი გაუსვა დედაენის სკოლებში დაბრუნების მნიშვნელობას და ისაუბრა იმ ძალისხმევაზე, რაც სამუშაოს პროცესში სამინისტროს დაჭირდა.
შეხვედრას საკრებულოს დეპუტატი თამარ ტალიაშვილი, ოლქის სკოლების დირექტორები, დაწყებითი კლასის პედაგოგები, პირველკლასელი მოსწავლეები და მათი მშობლები ესწრებოდნენ.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება