კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და ბურგოსის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის მემორანდუმი 2018 წელს გაფორმდა.
მემორანდუმის საფუძველზე, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტს (ან კურსდამთავრებულს) შეუძლია ისარგებლოს „სტუმარი სტუდენტის“ სტატუსით და ნებისმიერი ვადით ისწავლოს ბურგოსში, ნებისმიერ მიმართულებაზე.
განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა მევენახეობა-მეღვინეობის მიმართულებით. ბურგოსის უნივერსიტეტი კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებს საშუალებას აძლევს ერთი წლის ნაცვლად მხოლოდ ექვსი თვე ისწავლონ ბურგოსში განსხვავებული საგნები (საქართველოში გავლილი საგნები ჩაითვლება) და აიღონ ბურგოსის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრის დიპლომი.
სტუდენტს სწავლის დროს თავისუფალი წვდომა აქვს უნივერსიტეტის ლაბორატორიებსა და მარნებთან და შეუძლია იქვე უფასო პრაქტიკების გავლა.
ბურგოსის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასეთი პრივილეგიებით საქართველოდან მხოლოდ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტები ისარგებლებენ.
ასევე, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტს ერთ კვირამდე ვადით, ნებისმიერ დროს ეძლევა საშუალება მოხვდეს ესპანეთის წამყვან მარნებში თუ კვლევის ცენტრებში (ბიო-მეღვინეობის მიმართულებით).
აღსანიშნავია, რომ მადონა მუჩიაშვილი პირველი სტუდენტია, რომელმაც ისარგებლა გაფორმებული მემორანდუმით და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში სწავლების პარალელურად ჩაირიცხა ბურგოსის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამაზე.
ასევე მნიშვნელოვანია, რომ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის ბურგოსის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩარიცხვის კონკრეტული ვადები არ არსებობს და ნებისმიერ დროს შეუძლიათ ისარგებლონ ამ შესაძლებლობით.
ბურგოსის სახელმწიფო უნივერსიტეტმა მადონა მუჩიაშვილსა და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ოფიციალურ წარმომადგენელს ესპანეთში ქეთევან გორგილაძეს უმასპინძლეს. მათ უნივერსიტეტის ლაბორატორიები და კამპუსები დაათვალიერეს, ასევე განიხილეს მხარეებს შორის სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები.
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის სპეციალური მიმართვა გაავრცელეს ბურგოსის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ინტერნაციონალიზაციისა და მობილობის ვიცე-რექტორმა ელენა ვინსენტესმა და ღვინის კულტურის მაგისტრატურის კოორდინატორმა, მარისა გონსალეს სან ხოსემ. „ჩვენთვის სასიხარულოა, რომ მომავალი სასწავლო წლისთვის მივიღებთ სტუდენტებს საქართველოდან. ბურგოსის სახელმწიფო უნივერსიტეტი ფართო და ხარისხიან პროგრამებს სთავაზობს სტუდენტებს, რომლებიც საკმაოდ კარგად არის დაკავშირებული შესაბამის ინდუსტრიულ სექტორთან, რაც განაპირობებს სამაგისტრო პროგრამების მაღალ აკადემიურ დონეს“ - განაცხადა ელენა ვინსენტესმა. „უპირველეს ყოვლისა, მინდა მადლობა გადავუხადო კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტს ჩვენს უნივერსიტეტთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმებისთვის. კეთილი იყოს იმ სტუდენტების მობრძანება, რომლებსაც სურთ ღვინის ან მისი კულტურის სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის გაგრძელება ბურგოსის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ეს მაგისტრატურა დაგეხმარებათ თქვენი ცოდნის გაღრმავებასა და სრულყოფაში. ასევე, ჩვენ მზად ვართ, თქვენს უნივერსიტეტთან ერთად ვიმუშავოთ სამეცნიერო-კვლევით პროექტებზე; ერთად ვუხელმძღვანელოთ და გავუწიოთ კოორდინირება საერთო სამაგისტრო ნაშრომებს.“ - აცხადებს მარისა გონსალეს სან ხოსე.
ბურგოსის სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობის შესაძლებლობებზე, ესპანეთში კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის წარმომადგენელი ქეთევან გორგილაძე კსუ-ს მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტის სტუდენტებსა და ადმინისტრაციას შეხვდა.
„ბურგოსის სახელმწიფო უნივერსიტეტთან მეღვინეობის სამაგისტრო პროგრამაზე მივაღწიეთ შეთანხმებას, რომ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტი, რომელიც გადაწყვეტს ჰქონდეს ბურგოსის უნივერსიტეტის დიპლომი მეღვინეობის მიმართულებით, ჩაეთვლება ყველა ის კრედიტი, რაც უკვე გაიარა, ისწავლის ნახევარ სემესტრს ბურგოსში და მიიღებს მათ დიპლომს, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის დიპლომთან ერთად. გარდა ამისა, არსებობს თანამშრომლობის სხვა მიმართულებებიც, მათ შორისაა „სტუმარი სტუდენტის“ სტატუსით სწავლა ბურგოსის სახელმწიფო უნივერსიტეტის ნებისმიერ პროგრამაზე.“ - აცხადებს ქეთევან გორგილაძე.
დამატებითი ინფორმაციისათვის დაუკავშირდით ჩვენს წარმომადგენელს ესპანეთში ამ მისამართზე qeti.gorgiladze@ciu.edu.ge.
WhatsApp ან Viber +34 722512017
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება