7 დეკემბერს, სასტუმრო „Hotels & Preference Hualing Tbilisi“-ში კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის 2017-2018 სასწავლო წლის კურსდამთავრებულთა გამოსაშვები ცერემონია გაიმართა. ღონისძიებას უნივერისტეტის ადმინისტრაციასა და პროფესორ-მასწავლებლებთან ერთად, საპატიო სტუმრებიც ესწრებოდნენ.
საზეიმო ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით უნივერსიტეტის რექტორმა - კახაბერ კორძაიამ გახსნა. სტუდენტებს ასევე მიმართეს ბიზნესის, სამართლის, მევენახეობა-მეღვინეობის, მედიცინისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანებმა და მოწვეულმა სტუმრებმა. მათ კურსდამთავრებულებთან მუდმივ განვითარებაზე, სხვადასხვა კომპეტენციისა და უნარის შეძენა-დახვეწისა და ამ პროცესში, უწყვეტი განათლების მნიშვნელობაზე გაამახვილეს ყურადღება.
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებს ეს დღე თბილისის მერიის ბიგ-ბენდმა მიულოცა და საჩუქრად, ღონისძიება მუსიკალურად გააფორმა
აღსანიშნავია, რომ წელს, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი, სამი საფეხურის - ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის ჯამში 400-მდე ქართველმა და უცხოელმა სტუდენტმა დაამთავრა. მათ შორის იყვნენ წარჩინებული და მაღალი GPA-ს მქონე კურსდამთავრებულები, რომლებსაც კედლის დიპლომები შესაბამისი ფაკულტეტის დეკანებმა საზეიმო ვითარებაში გადასცეს.
გამოსაშვებ ცერემონიაზე, კარგ ტრადიციად დამკვიდრდა კურსდამთავრებულთა სიტყვით გამოსვლაც: შეკრებილი საზოგადოებისა და დამსწრე აუდიტორიის წინაშე, ამ ამპლუით, ბიზნესის ადმინისტრირების სადოქტორო პროგრამის კურსდამთავრებული, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამეცნიერო კვლევების დეპარტამენტის სამეცნიერო პროექტების კოორდინატორი - შორენა ქურდაძე და მევენახეობა-მეღვინეობის სამაგისტრო პროგრამის კურსდამთავრებული - საბა ქიტიაშვილი წარსდგნენ. გამომსვლელებმა კსუ-ს ხელმძღვანელობას, ადმინისტრაციასა და თითოეულ პედაგოგს უნივერსიტეტში გატარებული ნაყოფიერი წლებისთვის მადლობა გადაუხადეს.
შეკრებილი საზოგადოების წინაშე, სიტყვით წარსდგა - კსუ-ს კანცლერის მოადგილე - ნინო ჩუბინიძე. მან განათლების მნიშვნელობაზე, კურსდამთავრებულთა ქსელის გაძლიერებაზე, მათი იდეების მხარდაჭერასა და ინტენსიურ თანამშრომლობაზე ისაუბრა. ნინო ჩუბინიძემ კურსდამთავრებულებს მოუწოდა არ გაწყვიტონ კავშირი მშობლიურ უნივერსიტეტთან და აქტიურად ჩაერთონ ინოვაციებისა და პროექტების შემუშავება-განხორციელების პროცესში.
აღსანიშნავია, რომ ღონისძიების ფარგლებში, დაიგეგმა და განხორციელდა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი და ამ ფორმატისათვის მეტად გამორჩეული, დასამახსოვრებელი აქტივობა: კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის კურსდამთავრებულმა, ცხრაგზის გინესის მსოფლიო რეკორდსმენმა, კავკასიისა და საქართველოს მრავალგზის ჩემპიონმა ხელჩართულ ორთაბრძოლებში, შავი ქამრის პირველი დანის მფლობელმა - გიორგი ბასილაშვილმა კიდევ ერთი მსოფლიო რეკორდი დაამყარა. მან წოლბჯენში, 31 წამში, 16 აზიდვა შეასულა, (115 კილოს სიმძიმით აზიდვით) და ამის დასტურად კავკასიის მსოფლიო რეკორდების ფედერაციის სიგელი მოიპოვა.
გამოსაშვები ღონისძიების ოფიციალური ნაწილი, კურსდამთავრებულთა და დამსწრე საზოგადოებისათვის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული, მნიშვნელოვანი და სახალისო ტორტის საზეიმო გაჭრითა და ტრადიციული ქუდების აყრის ცერემონიით გაგრძელდა.
გამოსაშვებ საღამოს მსახიობი და ტელეწამყვანი კახა მიქიაშვილი უძღვებოდა.
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი, თითოეულ კურსდამთავრებულს ულოცავს ამ წარმატებას და მათ ბედნიერ მომავალს უსურვებს!
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება