15-19 ივნისს გამართულ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია და სკოლაში - "ინოვაციური ტექნოლოგიები კლინიკურ იმუნოლოგიაში: იმუნოდიაგნოსტიკიდან პერსონალიზებულ დამიზნებით იმუნოთერაპიასა და იმუნორეაბილიტაციისკენ" - კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი ერთ-ერთი პარტნიორი ორგანიზაციის სტატუსით ჩაერთო.
პროექტი შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდმა დააფინანსა და მისი ავტორი და კოორდინატორი, კსუ–ის კონსულტანტი კვლევების განვითარების დარგში და თსუ–ის იმუნოლოგიის კათედრის ასოცირებული პროფესორი - ნუნუ მიცკევიჩი გახლდათ.
"ინოვაციური ტექნოლოგიები კლინიკურ იმუნოლოგიაში: იმუნოდიაგნოსტიკიდან პერსონალიზებულ დამიზნებით იმუნოთერაპიასა და იმუნორეაბილიტაციისკენ" პროექტის პროგრამა, ხუთ სამუშაო დღეზე გადანაწილდა და რამდენიმე სიმპოზიუმი, სატელიტური სესია, კონფერენცია, სამეცნიერო დებატები და გასვლითი ტური ჩატარდა.
15 ივნისს, ღონისძიების გახსნაზე, შეკრებილი აუდიტორიის წინაშე, მისასალმებელი სიტყვით წარსდგნენ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის, საქართველოს ალერგოლოგიისა და კლინიკური იმუნოლოგიის ასოციაციის, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტისა და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის წარმომადგენლები.
კონფერენციისა და სკოლის მოწვეული ლექტორები და მომხსენებლები ამერიკის და ევროპის წამყვან უნივერსიტეტებსა და კვლევით ინსტიტუტებს წარმოადგენდნენ: ვირჯინის უნივერსიტეტი (აშშ), პიტსბურგის უნივერსიტეტი (აშშ), ფეინშტეინის კვლევითი ცენტრი (აშშ), გრანადას უნივერსიტეტი (ეპანეთი), ვენის უნივერსიტეტი (ავსტრია), ვესტმინსტერის უნივერსიტეტი (დიდი ბრიტანეთი) და სხვა.
სამეცნიერო სკოლის ფარგლებში, თეორიული კურსი კლინიკური და ფუნდამენტური იმუნოლოგიის აქტუალურ საკითხებზე - ონკოიმუნოლოგიის, ონკოჰემატოლოგიის, ალერგოლოგიისა და დერმატოლოგიის მიმართულებით, საქართველოს შვიდი უმაღლესი სასწავლებლიდან, სამედიცინო სკოლის 80-მა სტუდენტმა გაიარა.
17 ივნისს - სიმპოზიუმი ქრონიკული ლიმფოციტური ლეიკემია - ’’Radisson Blu Iveria Hotel-ში“ გაიხსნა. სიმპოზიუმზე, ონკოჰემატოლოგიის მიმართულებით, მოხსენებებით წარსდგნენ კსუ-ს პროფესორ-მასწავლებლებიც და უცხოელ კოლეგებთან ერთად, სამომავლო თანამშრომლობის გეგმებიც დასახეს.
17 ივნისს, პროექტის მონაწილეები, დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის, რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევით ცენტრს ესტუმრნენ, სადაც მათ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა - ამირან გამყრელიძემ უმასპინძლა.
ლუგარის ცენტრის ლაბორატორია და მატერიალურ-ტექნიკური ბაზა სტუმრებს, პაატა იმნაძემ - კვლევების მიმართულების დირექტორმა დაათვალიერებინა.
სკოლა-კონფერენციის ფარგლებში ასევე ჩატარდა სატელიტური სესია "იმუნიზაციის და ვაქცინოლოგიის ასოციაციასთან" (AIVA). ასოციაციის წევრების მიერ წარმოდგენილი მოხსენებები ძირითადად შეეხებოდა ვაქცინოლოგიის უახლეს მიღწევებსა და ინოვაციებს.
18 ივნისს, საქართველოს ალერგოლოგიისა და კლინიკური იმუნოლოგიის მეათე ეროვნული კონგრესის ფარგლებში, ’’Radisson Blu Iveria Hotel-ში“, საქართველოს ფოტოდერმატოლოგიისა და კანის ასოციაციის ორგანიზებით დერმატოლოგია-ვენეროლოგიისა და ესთეტიკური მედიცინის სექცია ჩატარდა. ასოციაციის პრეზიდენტმა, კსუ-ს მედიცინის ფაკულტეტის დეკანმა - ლალი მეკოკიშვილმა დამსწრე საზოგადოებასთან, ეროვნული კონგრესების ფარგლებში, 2012 წლიდან დღემდე განხორციელებული აქტივობები შეაჯამა.
დერმატოვენეროლოგიისა და ესთეტიკური მედიცინის სექციაზე მომხსენებლებმა, რომლებიც სხვადასხვა უნივერსიტეტებს წარმოადგენდნენ, ისეთ საკითხებზე გაამახვილეს ყურადღება, როგორიცაა, ატოპიური დერმატიტი და კანის მიკრობები, გენიტალური დერმატოზები და აკნე, ფსორიაზი, კანის პიგმენტაციის მკურნალობის საკითხები.
პროექტის დასკვნითი სესიები, სტუდენტების მონაწილეობით გამართული სამეცნიერო დებატები და ფინალური ტესტირება კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში ჩატარდა. 19 ივნისს, როგორც კსუ-ს, ასევე სხვა უმაღლესი სასწავლებლების მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტების მონაწილეობით, ორი სამეცნიერო დებატი გაიმართა.
,,იმუნური სისტემა VS სიმსივნე“, ,,იმუნოთერაპია VS ქიმიოთერაპია“ - პროექტის მონაწილე სტუდენტები, 4-4 სტუდენტით დაკომპლექტებული გუნდებით, აღნიშნულ საკითხებზე, კონკრეტული არგუმენტებით, თეორიული თუ პრაქტიკული მაგალითებით, თავისი გუნდის პოზიციებს ამყარებდნენ.
პროექტის ფინალურ ეტაპზე, საქართველოს მასშტაბით, შვიდი საგანმანათლებლო დაწესებულების, პროექტში ჩართული 80 სტუდენტი, სპეციალური სერტიფიკატებით დაჯილდოვდა.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება