კსუ-ს ბაზაზე არსებულ, საქართველოსა და ირანის ურთიერთობების სამეცნიერო-ანალიტიკურ ცენტრს, საქართველოში ირანის ისლამური რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი - სეიდ ჯავად ყავამ შაჰიდი და მრჩეველი კულტურის საკითხებში -ჰამიდ მოსტაფავი ესტუმრნენ.
საელჩოს წარმომადგენლები, კსუ-ს სტუდენტებს, პროფესორ-მასწავლებლებსა და დამსწრე საზოგადოებას, უნივერსიტეტის რექტორმა - კახაბერ კორძაიამ წარუდგინა.
ირანის ისლამური რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, უნივერსიტეტს თანამშრომლობისა და ყურადღებისათვის მადლობა გადაუხადა და საუნივერსიტეტო სივრცეში, სპარსული ენის სწავლება დადებითად შეაფასა.
მან საქართველოსა და ირანის თანამედროვე ურთიერთობებთან ერთად, ათასწლოვან ისტორიაზეც გაამახვილა ყურადღება, რაც ორ ქვეყანას ერთმანეთთან აკავშირებს და აღნიშნა, რომ წარსულის ურთიერთობები დიდ როლს თამაშობს თანამედროვე ურთიერთობის გაღრმავებისა და გამყარების საქმეში.
შეხვედრის ძირითადი ნაწილი - საქართველოში ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოს მრჩეველს კულტურის საკითხებში - ჰამიდ მოსტაფავის მოხსენებას ,,თანამედროვე ირანის კულტურულ-ლიტერატურული ცხოვრება“ - დაეთმო.
ჰამიდ მოსტაფავიმ ამა თუ იმ ქვეყანასთან და კულტურასთან ზიარების პროცესში, ლიტერატურის, როგორც ერთ-ერთი გადამწყვეტი ფაქტორის და ირანის ძველი და მდიდარი ლიტერატურული ძეგლების შესახებ ისაუბრა.
მან ლიტერატურაზე, როგორც ერის იდენტობის დამადასტურებელ მნიშვნელოვან ინსტრუმენტზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ეს სფერო, საზოგადოების განვითარების პროცესში უდიდესი მნიშვნელობის მატარებელია.
შეხვედრის დასკვნითი ნაწილი კითხვა-პასუხის რეჟიმით გაგრძელდა, სადაც კსუ-სპროფესორ-მასწავლებლებმა და დოქტორანტებმა მომხსენებელს, ორი ქვეყნის თანამედროვე ლიტერატურისა და მნიშვნელოვანი ისტორიული ძეგლების თარგმნისა და გამოცემის შესახებ, დამატებითი კითხვები დაუსვეს.