კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტებმა “ახალგაზრდული სამეცნიერო გაერთიანების” (YSU) მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე - “გლობალური ჯანმრთელობა და მედიცინა” - მოხსენებები წარადგინეს.
კონფერენცია YSU-ის პრეზიდენტმა ვახტანგ თებიძემ გახსნა და მან ღონისძიების მნიშვნელობაზე, სტუმრებსა და პარტნიორებზე ისაუბრა. დამსწრე აუდიტორიას სიტყვით, ასევე, ჯანდაცვის სფეროში მოღვაწე პირებმა, პარტნიორი ორგანიზაციებისა და საფრანგეთის საელჩოს წარმომადგენლებმა მიმართეს.
კონფერენციაზე მომხსენებლებმა საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და მედიცინის აქტუალური საკითხები განიხილეს.
კსუ-ს მედიცინის ფაკულტეტის მეოთხე სემესტრის სტუდენტებმა მარეხი სალდაძემ და თამარ ნებიერიძემ აუდიტორიას თემა - "აივ-ინფექცია, როგორც გლობალური ჯანმრთელობის მთავარი გამოწვევა" - წარუდგინეს.
კონფერენციაზე პოსტერული წარდგინებით კსუ-ს მეორე სემესტრის სტუდენტებიც ჩაერთვნენ. გიზო აბაშიძემ და მარიკა ივანიძემ კონფერენციაზე "ოჯახული ძალადობა -გლობალური პრობლემა" განიხილეს, ჯუნა ბეგლარაშვილმა და ნინო კვარაცხელიამ კი - "თამბაქოს მოხმარების სტატისტიკა, რისკები და შედეგები".
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებმა ნაშრომები მაია სვანიძის ხელმძღვანელობით წარადგინეს.
კონფერენციაზე - “გლობალური ჯანმრთელობა და მედიცინა” - კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებთან ერთად, სხვა უმაღლესი სასწავლებლების - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის, საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტისა და ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტები მონაწილეობდნენ. ასევე, კონფერენციაზე იყვნენ დამსწრეები ბათუმიდან.
მოხსენებების დასრულების შემდეგ, ორგანიზაცია “ახალგაზრდული სამეცნიერო გაერთიანების“ პრეზიდენტმა ვახტანგ თებიძემ, კონფერენციის სამეცნიერო ხელმძღვანელმა - გიორგი გაგუამ, კლუბ “VITALIS“-ის წევრმა და კონფერენციის კოორდინატორმა - თამარ მაზიაშვილმა მონაწილეებს სერტიფიკატები გადასცეს.
აღსანიშნავია, რომ კონფერენციის ორგანიზებაში ჩართული იყვნენ სტუდენტები უნივერსიტეტი გეომედიდან და შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტიდან.
“ახალგაზრდული სამეცნიერო გაერთიანების” მიერ ორგანიზებულ რიგით მეექვსე კონფერენციას", რომელიც 6 მაისს ჩატარდა, სასტუმრო „იოტამ“ უმასპინძლა.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება