კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტები, ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორ, იმუნოლოგ ნუნუ მიცკევიჩთან ერთად, საერთაშორისო სამეცნიერო სკოლა-კონფერენციაში მონაწილეობისთვის აქტიურად ემზადებიან.
კონფერენცია სახელწოდებით - "ინოვაციური ტექნოლოგიები კლინიკურ იმუნოლოგიაში: იმუნოდიაგნოსტიკიდან პერსონალიზებულ დამიზნებით იმუნოთერაპიასა და იმუნორეაბილიტაციისაკენ" - 2018 წლის 15-19 ივნისს ჩატარდება და ღონისძიება შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერაა დაფინანსებული. სამეცნიერო სკოლას, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტთან ერთად, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტები უმასპინძლებენ. სკოლა-კონფერენციის ფარგლებში ჩატარდება ლექციები, მასტერკლასები ფუნდამენტური და კლინიკური იმუნოლოგიის, იმუნოდიაგნოსტიკისა და იმუნოთერაპიის აქტუალურ საკითხებზე. გაიმართება სამეცნიერო დისკუსიები ონკოიმუნოლოგიის თემატიკაზე მეცნიერებსა და სტუდენტებს შორის, ასევე სამეცნიერო ინდივიდუალური და ჯგუფური დებატები სტუდენტებს შორის.
მოსამზადებელ ეტაპზე, იმუნოლოგ ნუნუ მიცკევიჩთან ერთად, კსუ-ს სტუდენტები, ღონისძიებაში მონაწილე უცხოელი მეცნიერების მიერ წინასწარ გამოგზავნილ სამეცნიერო პუბლიკაციებს სწავლობენ, აანალიზებენ, არჩევენ სამეცნიერო სტატიებს და ამზადებენ პრეზენტაციებს. აღსანიშნავია, რომ სკოლა-კონფერენციაში, მედიცინის ფაკულტეტის მეორე და მესამე საფეხურის, როგორც ქართველი, ასევე უცხოელი სტუდენტები, მთელი საქართველოს მასშტაბით ჩაერთვებიან.
სკოლა კონფერენციას ევროპისა და ამერიკის მაღალრეიტინგული უნივერსიტეტებისა და წამყვანი კვლევითი ცენტრების - (კალიფორნიის კიბოს ცენტრი, პიტსბურგის უნივერსიტეტი, ვესტმინსტერის უნივერსიტეტი, ვენის უნივერსიტეტი და სხვა.) მეცნიერ-თანამშრომლები დაესწრებიან.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება