კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში, ,,სმირნოვების მუზეუმზე" გადაღებული ფილმის - ,,საჩუქარი საქართველოსა” და მუზეუმის ვებგვერდის პრეზენტაცია გაიმართა. შეხვედრა, მუზეუმის დირექტორმა და კსუ-ს მოწვეულმა პროფესორმა - ბაია ამაშუკელმა გახსნა და შეკრებილ აუდიტორიას მოკლედ მოუთხრო იმ ისტორიის შესახებ, რასაც ფილმში უფრო დეტალურად იხილავდნენ.
მუზეუმის შესახებ თამარ მახარაძის ავტორობითა და რეჟისორობით გადაღებულ ისტორიულ-დოკუმენტური ჟანრის ფილმში, ქართული, ფრანგული, სომხური და იტალიური ფესვების ოჯახისა და უფრო კონკრეტულად - ალექსანდრა სმირნოვა-როსეტის ცხოვრება და მოღვაწეობაა წარმოჩენილი.
მუზეუმის ექსპონატების ძირითადი ნაწილი პუშკინის ეპოქას განეკუთვნება. ეს არის პეტერბურგში ცნობილი ლიტერატურული სალონის ავეჯი და სხვა ნივთები. ამ სალონის დიასახლისმა ალექსანდრა სმირნოვა-როსეტმა წარუშლელი კვალი დატოვა XIX საუკუნის კულტურაში, მისი მემუარები XX საუკუნეში ოთხჯერ დაიბეჭდა. ბოლო 1989 წლის გამოცემა შევიდა მეცნიერებათა აკადემიის სერიაში “ლიტერატურული ძეგლები”. ეს არის 600 გვერდიანი თხზულება, სადაც მკითხველი ალექსანდრა სმირნოვა-როსეტის თანამედროვეთა არაერთ ცნობილ სახეს შეხვდება.
ფილმის ჩვენების შემდგომ, მუზეუმის საიტის: (http://smirnovshousemuseum.ge/) პრეზენტაცია გაიმართა, სადაც ნებისმიერ მსურველს საშუალება აქვს სმირნოვების ოჯახის ისტორიას დეტალურად გაეცნოს. ბაია ამაშუკელის თქმით, უახლოეს მომავალში, მუზეუმში, საუნივერსიტეტო საგნის ფარგლებში, სტუდენტებისა და მათი პროფესორის - ისტორიის მეცნიერებათა დოქტორის - ქეთევან შოშიაშვილის ვიზიტი და თემატური ლექციის ჩატარება იგეგმება.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება