კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში, ბიზნესის ფაკულტეტის ბაზაზე, მარკეტინგული კვლევის ლაბორატორია ჩამოყალიბდა, რომლის მთავარი მიზანია ქართულ ბიზნეს სექტორს ბაზრის კვლევის ჩატარებაში დაეხმაროს.
ლაბორატორიის საქმიანობაში კსუ-ს ბიზნესის ფაკულტეტის, ფინანსების, ტურიზმისა და მენეჯმენტის დამამთავრებელი კურსის 8 სტუდენტი (ქეთევან იანტბელიძე, ნინო ზოიძე, ომარ ვიბლიანი, გიორგი ტატიშვილი, მარიამ ლიპარტელიანი, გიორგი მაისურაძე, თეონა დიღმელაშვილი და ერეკლე ხინთიბიძე) ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელთან - კახაბერ ჯაყელთან ერთად ჩაერთო და პირველი კვლევა განახორციელა.
დამკვეთი ორგანიზაცია შპს ,,მზიანეთი“ გახლდათ; კვლევა 2 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. ძრავის ზეთების ბაზრის კვლევის პროცესში, სტუდენტებმა 100-ზე მეტი კომპანიის მოკვლევა განახორციელეს და შპს-ს შედეგებთან ერთად, გუნდურად შემუშავებული სტრატეგიული გეგმაც გადასცეს.
13 აპრილს, კვლევითი სამუშაოს შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა, სადაც კსუ-ს ბიზნესის ფაკულტეტის დეკანმა - ირმა მახარაშვილმა, პროექტის მონაწილეები სერტიფიკატებით დააჯილდოვა.
აღსანიშნავია, რომ კსუ-ს მარკეტინგული კვლევების ლაბორატორიის ხელმძღვანელი - კახაბერ ჯაყელი და სტუდენტები, 17-24 აპრილს, კრაკოვში სტუდენტთა მე-13 საერთაშორისო სიმპოზიუმში მიიღებენ მონაწილეობას. ღონისძიება, სამეცნიერო კვლევითი კოოპერაციისა და სტუდენტთაშორისი ურთიერთობების გაღრმავებას ისახავს მიზნად და მასში ქართველ მონაწილეებთან ერთად, 250 სხვადასხვა ეროვნების სტუდენტი მონაწილეობს.
კსუ-ს წარმომადგენლები, სიმპოზიუმზე, კრაკოვის ეკონომიკის უნივერსიტეტისა და საერთაშორისო მენეჯმენტის ფაკულტეტის ხელმძღვანელის - პიოტრ ბულას მოწვევითა და უნივერსიტეტის ფინანსური თანადგომით მიემგზავრებიან.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება