კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი სასკოლო-საგანმანათლებლო ტიპის პროექტებს ყოველწლიურად ახორციელებს. მიმდინარე სემესტრში მორიგ ასეთ ღონისძიებას, რომელიც, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება, პროექტის ორგანიზატორების გადაწყვეტილებით, ვიქტორინის სახე მიეცა და მასში თბილისის, მცხეთის, გარდაბნის, რუსთავის, ზესტაფონისა და საგარეჯოს სკოლის დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებით დაკომპლექტებული - 54 გუნდი დარეგისტრირდა.
,,ქალები, რომლებმაც შეცვალეს მსოფლიო“ - კონკურსის ეს თემატიკა მარგარეტ ტეტჩერის, ელისაბედ მეორისა და ინდირა განდის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ ინტელექტუალური ხასიათის შეკითხვებს აერთიანებდა.
ინტელექტუალური თამაშის დებულებიდან გამომდინარე, მონაწილე გუნდებს თამაშის პირველ ნაწილში 10-10 შეკითხვისთვის უნდა ეპასუხათ, ხოლო დასკვნით ეტაპზე, კაპიტნებს, ან მათ მიერ შერჩეულ მოთამაშეს, პასუხი 5 კითხვისთვის უნდა გაეცათ.
ჯგუფებმა თამაშები 27-28 იანვარს, თითოეულ სათამაშო დღეს კი ორ სესიად 3 + 1 პრინციპით (3 ძირითადი მოთამაშე, 1 კი სათადარიგო) გამართეს.
დაძაბულ ინტელექტუალურ ბრძოლაში, ორი დღის შედეგებით, ფინალში პირველ და მეორე ადგილზე გასული რვა გუნდი გადავიდა:
პირველი ადგილი - 199-ე (კომაროვი), 217-ე; ზესტაფონის მეოთხე და გარდაბნის პირველი საჯარო სკოლები;
მეორე ადგილი: 18-ე, 157-ე, მცხეთის პირველი და მარტყოფის პირველი სკოლები.
აღსანიშნავია, რომ ვიქტორინას კონკურსის გარდა, ასევე საგანმანათლებლო ხასიათიც ჰქონდა. კსუ-ს პროფესორები - პეტრე მამრაძე, თამარ კიკნაძე და ლევან ნიკოლეიშვილი - თამაშის პროცესში, სწორი პასუხის გავრცობის მიზნით, ისტორიულ წყაროებზე დაყრდნობით, მოსწავლეებისათის მოკლე ჩანართებსაც აკეთებდნენ.
პროექტის კომისიის თავმჯდომარე, კსუ-ს საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო და პოლიტიკის მეცნიერების სადოქტორო პროგრამების ხელმძღვანელი - თამარ კიკნაძე გახლავთ, ხოლო ინტელექტუალური თამაშის ავტორი და ხელმძღვანელი - კსუ-ს სტუდენტებთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის სპეციალისტი - მარინე უგულავაა.
პროექტის ორგანიზატორის განცხადებით, შეკითხვების პაკეტის მომზადებაზე, პროფესორ-მასწავლებლებთან ერთად, კსუ-ს სტუდენტებმა და კურსდამთავრებულებმაც აქტიურად იმუშავეს.
ვიქტორინის დასკვნითი ეტაპი, 3 თებერვალსაა ჩანიშნული, სწორედ ამ დღეს გამოვლინდებიან პროექტის გამარჯვებული გუნდებიც, რომლებიც სხვადასხვა პრიზით დაჯილოვდებიან.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება