ევროპის მემკვიდრეობის დღეების ფარგლებში, ილია ჭავჭავაძის ყვარლის სახელმწიფო მუზეუმში გამართულ შეხვედრაზე კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მულტიმედია ცენტრის პროექტის „ყვარლიდან მთაწმინდამდე გურამ შარაძის მოტივებზე“ ერთ-ერთი ფილმის პრეზენტაცია გაიმართა.
გადაცემათა ციკლის მეექვსე ნაწილი ილია ჭავჭავაძისა და ოლღა გურამიშვილის სიყვარულის ისტორიას შეეხება.
ღონისძიებას კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის კანცლერი ვახტანგ წივწივაძე თანმხლებ პირებთან ერთად დაესწრო. აუდიტორიას ციკლის სპეციფიკასა და მიზნებზე მულტიმედია ცენტრის ხელმძღვანელი ნინო ჭალაგანიძე და პროექტის ავტორი სულხან მელაძე ესაუბრნენ.
დამსწრე საზოგადოების მსგავსად, ფილმი დადებითად შეაფასა ყვარლის გამგებლის მოადგილემ და ღონისძიების ორგანიზატორმა ქეთევან ზაუტაშვილმა. შეხვედრისას დაიგეგმა მომავალი თანამშრომლობაც, რაც ნოემბერში, ილია ჭავჭავაძის დაბადებიდან 180 წლის იუბილესადმი მიძღვნილ კვირეულზე პროექტის ფარგლებში ამ ეტაპზე მომზადებული ყველა ფილმის ეტაპობრივად ჩვენებას გულისხმობს.
პროეტის პრეზენტაციას წინ მოხსენებები უძღოდა. აუდიტორიის წინაშე სიტყვით მუზეუმის დირექტორი თამარ ზურიაშვილი წარსდგა. მოხსენება ქეთევან წამებულს, მის მოწამეობრივ აღსასრულსა და ევროპელი მკვლევრების ნაშრომებში ასახულ დედოფლის სახეს შეეხებოდა.
დამსწრე საზოგადოებას საქართველოში არსებულ ეკოლოგიურ მდგომარეობაზე, აღნიშნული კუთხით ყვარელში წამოჭრილ პრობლემებსა და მათი პრევენციის გზებზე გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის ყოფილი მინისტრი და ამჟამად “საქართველოს მწვანეთა მოძრაობა - დედამიწის მეგობრების“ ხელმძღვანელი ნინო ჩხობაძე ესაუბრა.
2017 წელს ევროპის მემკვიდრეობის დღეების თემა ,,მემკვიდრეობა და ბუნება: შესაძლებლობათა ლანდშაფტი“ იყო. ის ადგილობრივი თვითმმართველობის, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალი მუზეუმებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობით ქვეყნის თითქმის ყველა რეგიონში გაიმართა.
ევროპის მემკვიდრეობის დღეები 2014 წლიდან ყოველი წლის შემოდგომაზე ტარდება. მისი მიზანი, სხვადასხვა ღონისძიების საშუალებით, კულტურული მემკვიდრეობის, როგორც საერთო ევროპული ღირებულების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაა.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება