კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის კანცლერმა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წარმომადგენლებს: გიორგი კვესიტაძეს, როინ მეტრეველს, ელიზბარ ჯაველიძეს, რამაზ ხუროძეს; პოლიტოლოგ ვაჟა ლორთქიფანიძეს; სამედიცინო დარგის წარმომადგენლებს: თემურ ხუროძეს, ბიჭიკო ბორჯაძეს, ავთანდილ ჯორბენაძეს; გაზეთ „ლიტერატურული საქართველოს“ მთავარ რედაქტორს თამაზ წივწივაძეს; ბიზნესმენ დემურ ბაღდავაძეს და პოეტ ენვერ ნიჟარაძეს უმასპინძლა.
შეხვედრას კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორი კახაბერ კორძაია, რექტორის მოადგილე, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი მარინა გედევანიშვილი, კანცლერის მოადგილე ქეთევან ჯურხაძე, სასწავლო პროგრამების ხელმძღვანელები და პროფესორ-მასწავლებლები ესწრებოდნენ.
საპატიო სტუმრებმა უნივერსიტეტის მარანი „კოლხი“, სადეგუსტაციო დარბაზი, ენოქიმიის, ამპელოგრაფიის, მიკრობიოლოგიისა და მიკროვინიფიკაციის კვლევითი ლაბორატორიები დაათვალიერეს.
მევენახეობა-მეღვინეობის სამაგისტრო პროგრამისა და ქართული ტრადიციული მარნის შექმნის ისტორია მოწვეულ სტუმრებს უნივერსიტეტის კანცლერმა ვახტანგ წივწივაძემ გააცნო.
როგორც კანცლერმა განაცხადა, უცხოეთის სამეცნიერო-სასწავლო ცენტრებთან მჭიდრო თანამშრომლობით, უახლოეს მომავალში, უნივერსიტეტში გაიხსნება ვაზისა და ღვინის მუზეუმი, სადაც საქართველოსა და საზღვარგარეთის ქვეყნებში მევენახეობა-მეღვინეობის დარგის განვითარების ამსახველი ექსპოზიცია იქნება წარმოდგენილი.
მიმდინარე სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის, საერთაშორისო თანამშრომლობის, გაცვლითი პროგრამებისა და სამომავლოდ დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ისაუბრა კანცლერის მოადგილემ ქეთევან ჯურხაძემ.
სტუმრებმა მულტიმედია ცენტრის ბაზაზე მომზადებული სასწავლო-შემეცნებითი დოკუმენტური ფილმების ციკლის „ქართლის ცხოვრება მარიამ ლორთქიფანიძესთან ერთად“ საპრეზენტაციო რგოლი იხილეს.
მულტიმედია ცენტრის სხვა პროექტებსა და დოკუმენტურ ფილმებზე ისაუბრეს ჟურნალისტიკის პროგრამის ხელმძღანელმა ნინო ჭალაგანიძემ და უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა სულხან მელაძემ.
შეხვედრისას განიხილეს ურთიერთთანაშრომლობის პერსპექტივებიც. კერძოდ, აკადემიკოსებმა როინ მეტრეველმა და გიორგი კვესიტაძემ გამოხატეს უნივერსიტეტში საჯარო ლექციების წაკითვის სურვილი და მზადყოფნა. თემატიკა უახლოეს მომავალში დაზუსტდება.
ვიზიტის დასასრულს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის კანცლერმა საპატიო სტუმრებს სიმბოლური საჩუქრები გადასცა.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება