6 მაისს ხონის მუნიციპალიტეტში, გიორგობის დღესასწაულთან ერთად, ტრადიციულად, „ხონელობა“ აღნიშნეს.
მუნიციპალიტეტში ზეიმი წმინდა გიორგის საკათედრო ტაძარში წირვა-ლოცვით დაიწყო. ლიტანიობის შემდეგ სახალხო დღესასწაულისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართა.
ქალაქის ცენტრში, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის კანცლერის ფინანსური მხარდაჭერითა და მოქანდაკე გიგლა ბარაბაძის ავტორობით შექმნილი, მოსე ხონელის ძეგლი გაიხსნა. ქანდაკებაზე, ზურაბ წერეთლის მხატვართა და მოქანდაკეთა ჯგუფი მუშაობდა.
მოსე ხონელის ძეგლი, საზეიმო ვითარებაში, მუნიციპალიტეტის გამგებელმა ჯემალ მებუკემ და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის კანცლერმა ვახტანგ წივწივაძემ გახსნეს.
„ხონელობასთან“ დაკავშირებით, ქალაქის ცენტრალურ ბურლვარში ხალხური რეწვის ნიმუშების, ყვავილების, ტრადიციული კერძების, საბავშვო ბაღების აღმზრდელთა, სამხატვრო სკოლის მოსწავლეთა და ახალგაზრდა ტექნიკოსთა სახლის შემოქმედთა ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა მოეწყო.
ტრადიციულად, დღესასწაულის ფარგლებში აირჩიეს საპატიო ხონელები.
წელს საკრებულოს „საპატიო ხონელის წოდების მინიჭების კომისიამ“ და გამგებელთან არსებულმა მრჩეველთა საბჭომ წარდგენილ კანდიდატებს შორის საპატიო ხონელის წოდება მეცნიერებათა აკადემიის წევრ კორესპონდენტს, პროფესორს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ყოფილ რექტორს რამაზ ხუროძეს, დამსახურებულ პედაგოგს ლენა უგულავასა და ბიზნესმენს ილია ტყაბლაძეს მიანიჭა.
წოდების დამადასტურებელი სიგელი და მედალი საპატიო ხონელებს მუნიციპალიტეტის გამგებელმა ჯემალ მებუკემ გადასცა. სიგელები, ფასიანი საჩუქრები და ფულადი ჯილდო გადაეცათ კულტურისა და სპორტის სფეროში წარმატებულ ხონელ ახალგაზრდებსაც.
დღესასწაულის ფარგლებში ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა ხონსა და პოლონეთის ქალაქ ანდრიხოვს შორის. მემორანდუმი ტურიზმის, კულტურისა და განათლების სფეროებში ინფორმაციისა და გამოცდილების გაცვლას მოიაზრებს.
ხელმოწერის ცერემონიის შემდეგ, მხარეებმა ერთმანეთს სიმბოლური საჩუქრები გადასცეს და მოწვეულ საპატიო სტუმრებთან ერთად ვაჟა დურგლიშვილის შემოქმედებით საღამოზე გადაინაცვლეს.
კულტურის ცენტრში გამართული კონცერტით „ხონელობა 2017“ დასრულდა.
ხონში ვიზიტისას კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის კანცლერი ვახტანგ წივწივაძე, კსუ-ს მულტიმედია ცენტრის წარმომადგენლებთან ერთად, ხონის საგანმანათლებლო რესურსცენტრსაც ეწვია.
ხონის საპატიო მოქალაქემ, თანმხლებ პირებთან ერთად, რესურსცენტრში შეკრებილ დირექტორებს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მულტიმედია ცენტრის ბაზაზე შექმნილი სასწავლო-შემეცნებითი, დოკუმენტური ფილმები საჩუქრად გადასცა.
შეხვედრისას, ფილმების სპეციფიკასა და სასწავლო პროცესში მათი გამოყენების მნიშვნელობაზე ისაუბრეს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის პროგრამის ხელმძღვანელმა ნინო ჭალაგანიძემ და ასოცირებულმა პროფესორმა სულხან მელაძემ.
„ქართლის ცხოვრება მარიამ ლორთქიფანიძესთან ერთად“, „რუსთველის სამყარო თამაზ კვაჭანტირაძე“, „მე მთელ დედამიწას დუელში ვიწვევ“ და "უკანასკნელი ნოტები“ ხონის რაონის სკოლების პედაგოგებისათვის დამხმარე სასწავლო რესურსი გახდება.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება