20 ნოემბერს, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში პროექტის - „მთას ვუბრუნდებით შვილები“ - ფარგლებში, ფინალური შეხვედრა გაიმართა.
პროექტში ჩართვის სურვილი სხვადასხვა რეგიონის საჯარო და კერძო სკოლის საშუალო საფეხურის 70-მდე მოსწავლემ გამოთქვა, თუმცა მეორე ეტაპზე გადასვლის უფლება მხოლოდ 37-მა საუკეთესო ნამუშევრის ავტორმა მოიპოვა.
კონკურსის ფინალურ ეტაპზე მე-10, მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეებმა პროექტის ფარგლებში მომზადებული ვიდეოჩანაწერები კომისიასა და დამსწრე საზოგადოებას უჩვენეს.
მონაწილეებს 10-15 წუთიან ვიდეორგოლში მთის განვითარების საკუთარი ხედვა და მიგრაციის მიზეზები ქონდათ წარმოდგენილი.
წესების თანახმად, მონაწილეებმა პრეზენტაციისას ვიდეოში ნაჩვენები პრობლემების გადაჭრის გზები დაასაბუთეს და დისკუსია გამართეს.
კომპეტენტური ჟიურის გადაწყვეტილებით, 37 საუკეთესო ნამუშევრიდან, სამი საპრიზო ადგილის მფლობელი გამოვლინდა.
პირველი ადგილი ქუთაისის კადეტთა სამხედრო ლიცეუმის კურსანტმა მიხეილ გოგორელიანმა დაიკავა და მას საჩუქრად ტექნიკის მაღაზია „ალტაოქეის“ სამასლარიანი ვაუჩერი გადაეცა.
მეორე ადგილზე თბილისის 83-ე საჯარო სკოლის მოსწავლე ანა გვალია გავიდა და 200 ლარიანი ვაუჩერით დაჯილდოვდა.
რაც შეეხება მესამე ადგილს, აქ ორი გამარჯვებული გამოავლინეს - ყვარლის მე-2 საჯარო სკოლის მოსწავლე მარიამ ჩიტაშვილი და ხონის პირველი საჯარო სკოლის მოსწავლე გიორგი გელენიძე. მათ 100-100 ლარიანი ვაუჩერები ერგოთ.
გამარჯვებულის გარდა, ჟიურიმ სამი სიმპათიაც გამოავლინა და საჩუქრად „ვეფხისტყაოსანი“ გადასცა.
კონკურსზე ასევე, ხუთი ორიგინალური ნაშრომის ავტორი დასახელდა და წიგნი „გალაკტიონოლოგია“ გადაეცა.
ნომინაციების გარეშე დარჩენილი მონაწილეები კი შექსპირის სონეტებით დაჯილდოვდნენ.
პროექტის ყველა მონაწილეს უნივერსიტეტისგან სამახსოვროდ სკოლის მფარველი ხატი და სიგელი გადაეცა.
შეგახსენებთ, რომ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი სასკოლო-საგანმანათლებლო პროექტებს სხვადასხვა თემატიკაზე უკვე მესამე წელია აქტიურად ატარებს.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება