16 მაისს საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, გაიმართა ვებინარი თემაზე: „კოვიდთან დაკავშირებული კრიზისი ტურიზმში და მასთან გამკლავების გზები“.
ვებინარს მოდერატორობა გაუწია საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის კვლევებისა და დაგეგმვის სამმართველოს უფროსმა, გიორგი ბრეგაძემ, რომელმაც აღნიშნა, რომ ვებინარის ჩატარება ემსახურება აკადემიური სფეროსა და სტუდენტების ტურიზმის პოლიტიკის შემუშავებაში ჩართულობის გაზრდას, ეს ჩართულობა კი კიდევ უფრო მნიშვნელოვანია კრიზისების პერიოდში, სადაც აკადემიურ სფეროს შეუძლია მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს.
ვებინარი გიორგი ბრეგაძის პრეზენტაციით დაიწყო თემაზე: „საერთაშორისო ექსპერტების მოლოდინები ტურიზმის სექტორში და მათი შესაძლო შედეგები საქართველოსთვის“, შემდეგ კი თემატური პანელებით გაგრძელდა: „ტურიზმის ღირებულების ჯაჭვი“, „ტურისტული პროდუქტები“, „განათლება ტურიზმში“.
აღსანიშნავია, რომ ვებინარში საქართველოს 14 სხვადასხვა უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან ერთად მონაწილეობდა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ტურიზმის საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი, ასოცირებული პროფესორი ლალი მიქელაძე, რომელმაც კსუ-ს ტურიზმის ლაბორატორიის ეგიდით, სტუდენტებთან ერთად მომზადებული პრეზენტაცია წარადგინა პანელში - „განათლება ტურიზმში“.
ლალი მიქელაძემ ყურადღება გაამახვილა ტურიზმის სფეროში ხარისხიანი განათლების მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ განათლება არა მხოლოდ კონკრეტული ადამიანის წარმატების გარანტია, არამედ ქვეყნის წარმატების განმაპირობებელი ფაქტორი ხდება. „განათლებას ტურიზმის სფეროში შეუძლია გაზარდოს ინოვაციურობა და შექმნას ახალი ცოდნა, შესაბამისად ახალი ტექნოლოგიებიც, რომელიც საბოლოოდ ქვეყანაში ეკონომიკის ზრდას შეუწყობს ხელს.“ - აღნიშნა მან და ტურიზმის სფეროში განათლების მიმართულებით, უნივერსიტეტების წვლილზეც ისაუბრა.
პრეზენტაციაში - „დარჩი სახლში, დარჩი საქართველოში!“ - ლალი მიქელაძემ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტური იდეები წარმოადგინა - „მასპინძელი სოფელი“ 1+1; „მწვანე კარავი“ / სტუდენტური ბანაკი; სტუდენტური მხარდაჭერა ტურისტულ ბიზნესს.
პრეზენტაციაში აღნიშნულია, რომ ჩვენს ქვეყანასა და მსოფლიოში ადამიანებს პანდემიის გამო მძიმე სოციალურ-ეკონომიკური და ფსიქოლოგიური პრობლემები ექნებათ, ამიტომ მათთვის ტურისტული მომსახურების შეთავაზება უნდა იყოს უსაფრთხო, სანდო და იაფი. აქ კი სტუდენტებმა გამოსავალი იპოვეს შიდა ტურიზმში, კონკრეტულად, სასოფლო ტურიზმში. იდეის მიხედვით, მწვანე ზონაში მდებარე სოფლებში, ერთი ოჯახი იღებს ერთ ოჯახს ქალაქიდან, რაშიც ასევე აქტიურად იქნებიან ჩართულნი ტურისტული კომპანიები.
„მწვანე კარავის“ იდეა გუსხმობს სტუდენტების მიერ სოფლის მოსახლეობის დახმარებას სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებსა თუ საყოფაცხოვრებო საკითხებში, ბანაკის მიმდებარე ტერიტორიების დასუფთავებასა და ბუნებრივი რესურსების დაცვას.
სტუდენტური მხარდაჭერის იდეის მიხედვით კი სტუდენტები მზად არიან პრაქტიკის ფარგლებში, სასტუმროებში დაბალ და საშუალო რგოლის პოზიციებზე იმუშავონ ანაზღაურების გარეშე. ამ შემთხვევაში, ბიზნესი დაზოგავს ფინანსებს, ხოლო სტუდენტები გაივლიან მათთვის აუცილებელ პრაქტიკას.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ ორგანიზებულმა ვებინარმა აკადემიური სფეროსა და საზოგადოების დიდი ინტერესი გამოიწვია.
ბმულზე შეგიძლიათ იხილოთ ვებინარის სრული ჩანაწერი:
https://www.facebook.com/gntaconference/videos/538631220153816/?v=538631220153816
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება