29 მარტს სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ორგანიზებით საჯარო ლექცია გაიმართა თემაზე: „დიმიტრი ამილახვარი - საფრანგეთის ლეგიონის ლეგენდარული გმირი: ბიოგრაფიის უცნობი ფურცლები“.
ლექციას ისტორიის დოქტორი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის საქართველოს ისტორიის წყაროების კომისიის სწავლული მდივანი, რუსუდან ლაბაძე უძღვებოდა.
სპიკერმა მიმოიხილა დიმიტრი ამილახვრის განვლილი გზა, სამხედრო მიღწევები და მის ირგვლივ განვითარებული მნიშვნელოვანი მოვლენები.
ცნობისთვის, საფრანგეთის არმიის ოფიცერი, წარმოშობით ქართველი დიმიტრი ამილახვარი, იგივე „ბაზორკა“, 14 წლამდე საქართველოში იზრდებოდა, შემდეგ კი ოჯახთან ერთად უცხოეთში გადასახლდა. 1922 წლიდან ცხოვრობდა პარიზში. სწავლობდა სენ–სირის სამხედრო სასწავლებელში, რომლის დასრულების შემდეგ მსახურობდა ჩრდილოეთ აფრიკაში, საფრანგეთის უცხოურ ლეგიონში.
გერმანელთა მიერ საფრანგეთის ოკუპაციისთანავე უცხოური ლეგიონის მაიორი დიმიტრი ამილახვარი, გენერალ შარლ დე გოლის „თავისუფალი საფრანგეთის“ არმიას შეუერთდა. დიმიტრი ამილახვარი მონაწილეობდა ერითრიის კამპანიაში, განსაკუთრებით კი თავი ისახელა ქალაქ მასაუის აღებისას, სადაც მოულოდნელი შეტევით ხელში იგდო იტალიელთა რამდენიმე საესკადრო ნაღმოსანი და მრავალი ტყვე. მან მონაწილეობა მიიღო სირიის კამპანიაში, ქალაქ დამასკოს აღებაში. დიმიტრი ამილახვარმა მიიღო ლეიტენანტ–კოლონელის წოდება და დაინიშნა უცხოური ლეგიონის ნახევარბრიგადის მეთაურად. 1942 წელს დიმიტრი ამილახვარი დააჯილდოვეს "განთავისუფლების ჯვრით". იგი გმირულად დაიღუპა ელ–ალამაინის ბრძოლაში. სიკვდილის შემდეგ მას მიენიჭა საპატიო ლეგიონის კავალერის უმაღლესი წოდება.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, 2021 წელს, დიმიტრი ამილახვარს ეროვნული გმირის წოდება საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს ღირსეულად წარმოჩენისთვის, საქართველოსადმი განსაკუთრებით პოზიტიური დამოკიდებულების შექმნაში შეტანილი ფასდაუდებელი წვლილისა და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების თავგანწირვისათვის, სიკვდილის შემდეგ მიენიჭა.
CIU-ში გამართულ საჯარო ლექციას უნივერსიტეტის ადმინისტრაციული/აკადემიური პერსონალი და სტუდენტები ესწრებოდნენ.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება