2 აგვისტოს გურამიშვილის მარანში (საგურამო) საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებისთვის „საეკლესიო ღვინოების ფესტივალი“ გაიმართა.
ღონისძიება საქართველოს საპატრიარქოს ინიციატივით, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიისა და საქართველოში ისრაელის საელჩოს მხარდაჭერით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს „ღვინის ლაბორატორიის" და საპატრიარქოს მევენახეობა-მეღვინეობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით გაიმართა.
ღონისძიების ერთ-ერთი სპონსორი იყო კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი, რომელიც უკვე წლებია მხარს უჭერს მევენახეობა-მეღვინეობის მიმართულებით განხორციელებულ სამეცნიერო-პრაქტიკულ აქტივობებს, ღვინის გამოფენებსა და ხელს უწყობს ქართული ღვინის პოპულარიზაციას საერთაშორისო მასშტაბით.
მოგეხსენებათ, საქართველო ცნობილია მრავალფეროვანი ღვინის კულტურით, მათ შორისაა საეკლესიო ღვინოც, რომლის პოპულარიზაციის მიზნით, ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო წამყვანი ქართული ღვინის კომპანიები და საოჯახო მარნები, მათ შორის, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ღვინოები: „ჩინური-გორული მწვანე“, „ხაშმის საფერავი“, „რქაწითელი“, „თავკვერი“ და „შავკაპიტო“ „ეთნო ოკამის“ სახელწოდებით.
ღონისძიება წინასწარმეტყველი ელია თეზბიტელის ხსნების დღეს მიეძღვნა. შეხვედრა მისასალმებელი სიტყვით ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, რან გიდორმა გახსნა. ბატონმა ელჩმა ქართულ-ებრაულ 26 საუკუნოვან ურთიერთობასა და მის მნიშვნელობაზე ისაუბრა, ასევე მისასალმებელი სიტყვით წარდგა მცხეთის მუნიციპალიტეტის მერი, გიორგი კაპანაძე.
შეხვედრაზე სამი მოხსენების პრეზენტაცია გაიმართა: „საქართველოს ეკლესიის მოკლე ისტორია“, „ქართული ღვინის ისტორია“ და „ქართულ-ებრაული 26 საუკუნოვანი ურთიერთობები“.