სულ ახლახან დღის სინათლე იხილა ახალმა სამეცნიერო გამოცემამ: “პოლიტო LOGOS “. ესაა კსუ-ს პოლიტიკური კვლევების ინსტიტუტის სამეცნიერო ჟურნალი, რომელიც კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პოლიტიკური კვლევების ინსტიტუტის ხელმძღვანელის, პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორ, პროფესორ თამარ კიკნაძის რედაქტორობით გამოდის.
სამეცნიერი ჟურნალი შანსს აძლევს სადოქტორო პროგრამის სტუდენტებს მათი კვლევითი ნაშრომები შესაბამისი სტატუსის გამოცემაში დაიბეჭდოს და საყოველთაოდ ხელმისაწვდომი გახდეს.
იმისათვის, რომ მეტი ინფორმაცია შეგვეტყო ჟურნალის შექმნის მნიშვნელობის შესახებ, ჩვენ თამარ კიკნაძეს პირადად გავესაუბრეთ.
- რა ტიპის გამოცემაა „პოლიტო LOGOS”, რა მასალების დაბეჭდვას გეგმავთ და რა მიზანს ემსახურება ჟურნალი?
- ჟურნალი არის სამეცნიერო ხასიათის და მასში იბეჭდება საუკეთესო სამეცნიერო ნაშრომები, რომლის მიზანია დოქტორანტურის სტუდენტებს საკუთარი კვლევითი პოტენციალის რეალიზებაში დაეხმაროს. ჟურნალი იქნება როგორც საინფორმაციო, ასევე კვლევითი ხასიათისა.
- ვისი ნაშრომების დაბეჭდვა იგეგმება ჟურნალში?
- მოგეხსენებათ, უნივერსიტეტს აქვს პოლიტიკის მეცნიერების სადოქტორი პროგრამა. სადოქტორო პროგრამაზე სწავლობენ ადამიანები, რომლებიც აწარმოებენ პოლიტიკის სფეროში კვლევებს, იცავენ სამეცნიერო ხარისხებს. ჟურნალში „პოლიტო LOGOS“-ში, ადგილი სწორედ ჩვენი სადოქტორო პროგრამის სტუდენტების მიერ განხორციელებულ საუკეთესო კვლევებს დაეთმობა. ასევე, ჟურნალში ნახავთ ცნობილი პროფესორების სტატიებსა და მათ თარგმანებს.
- როგორც უკვე აღნიშნეთ, ჟურნალში განთავსდება მხოლოდ საუკეთესო ნაშრომები, რა პრინციპით მოხდება მათი შერჩევა?
- ხდება ნაშრომების რეცენზირება და თუ ნაშრომი ვერ აკმაყოფილებს წინასწარ რეგლამენტირებულ სტანდარტს, ამ შემთხვევაში ჩვენ უარს ვეუბნებით ავტორს დავბეჭდოთ მისი სტატია.
- ვისი იდეა იყო ჟურნალის გამოცემა და როდის დაიბეჭდა პირველი ნომერი?
- ჟურნალის გამოცემა იყო ჩემი იდეა და როგორც კი სადოქტორო პროგრამამ გაიარა აკრედიტაცია, სურვილი გამიჩნდა გამეკეთებინა მსგავსი შინაარსის ჟურნალი. პირველი ნომერი გამოიცა ახლახან. ჟურნალის რედკოლეგიის წევრები არიან ცნობილი პოლიტოლოგები სხვადასხვა ქვეყნებიდან. ჟურნალი ორენოვანია: ქართულ-ინგლისური.
- რამდენად ხელმისაწვდომია ჟურნალი სტუდენტებისთვის?
- ჟურნალი ყველა სტუდენტისთვის ხელმისაწვდომია, თუმცა, ძირითადად, გამიზნულია პოლიტიკის მეცნიერებებით დაინტერესებული პირებისთვის. ვისაც სურვილი ექნება, შეუძლია მოიკითხოს უნივერსიტეტის ბიბლიოთეკას.
- რამდენად მნიშვნელოვანია უნივერსიტეტისათვის ამ ტიპის გამოცემის არსებობა?
- ჟურნალი არის რეცენზირებადი, მასზე მუშაობენ დარგის ცნობილი ქართველი და უცხოელი ექსპერტები, რაც თავისთავად დიდი მონაპოვარია უნივერსიტეტისთვის.
- არსებობს თუ არა ჟურნალის ბეჭდური ვერსია?
-კი, რა თქმა უნდა, არის როგორც ბეჭდური, ასევე ელექტრონული სახითაც.
- რამდენად გაამართლა პირველმა ნომერმა იმედები. არის ისეთი, როგორიც გინდოდათ, რომ ყოფილიყო?
- როგორც ვთქვი, პირველი ნომერი გამოვიდა ცოტა ხნის წინ, დაწყება ყოველთვის სირთულეებთან არის დაკავშირებული, უფრო მეტი დრო დაგვეხარჯა, ვიდრე ვვარაუდობდით. არის პატარა შეცდომებიც. მაგრამ ყველაფერს დავხვეწთ და შემდეგი ნომერი აუცილებლად წინაზე უკეთესი იქნება.
- რა ინტენსივობით გამოვა ჟურნალი და როდის იგეგმება მეორე ნომრის გამოცემა?
- ჟურნალი გამოვა წელიწადში ორჯერ. გვინდა ზამთრის სემესტრში გამოვუშვათ მეორე ნომერი, უკვე დაწყებულია მუშაობა.
- რა გეგმები გაქვთ მომავალში ჟურნალთან დაკავშირებით?
- გვინდა ჟურნალი გახდეს ტრადიციული და მასში აისახოს როგორც სამეცნიერო სტატიები, ასევე უნივერსიტეტში გამართული კონფერენციების მასალები. ასევე, ჩვენი მიზანია, ჟურნალი სხვა წარმატებული ჟურნალების რიცხვს შეუერთდეს და მოხდეს მისი ციტირება.
მომზადებულია სტუდენტების: ნელი ბერძენიშვილისა და მარიამ ბახტურიძის მიერ
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება