23-24 ოქტომბერს ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტმა, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, რიგით მეხუთე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას: „კულტურა და ხელოვნება თანამედროვეობის კონტექსტში“ უმასპინძლა.
კონფერენციის მიზანი კულტურისა და ხელოვნების მნიშვნელოვანი და აქტუალური საკითხების კვლევა, შემოქმედებითი პროცესებისა და ტენდენციების გაანალიზება და შეფასება იყო.

სამეცნიერო ფორუმზე ხუთი სექციის მუშაობაში მონაწილეობა 80-მა ქართველმა და უცხოელმა მკვლევარმა, მეცნიერმა და პრაქტიკოსმა მიიღო. ისინი ქვეყნის წამყვან უნივერსიტეტებს, სამეცნიერო ცენტრებსა და სახელოვნებო დაწესებულებებს წარმოადგენდნენ. კონფერენცია ჰიბრიდულ - როგორც დასწრებულ, ისე დისტანციურ რეჟიმში წარიმართა.
აღნიშნულ კონფერენციაზე მონაწილეობა მიიღო კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტმაც, რომელსაც პროფესორები: ნინო მინდიაშვილი, ნინო ჭალაგანიძე და ზაზა ცოტნიაშვილი წარმოადგენდნენ. ამასთან, ნინო ჭალაგანიძემ სექციის: სახელოვნებო განათლება, მედია - მეორე სასესიო სხდომის მოდერაცია გასწია. აღსანიშნავია, რომ კსუ ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის პარტნიორია.

კონფერენციის განსაკუთრებული მნიშვნელობის შესახებ პლენარულ სხდომაზე უნივერსიტეტის რექტორმა, საორგანიზაციო კომიტეტის ხელმძღვანელმა, მაია ჭიჭილეიშვილმა, სამეცნიერო და საგამომცემლო განყოფილების უფროსმა, სოფიო თავაძემ ისაუბრეს.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მაია ხაჯიშვილმა კონფერენციის მუშაობა დადებითად შეაფასა და მონაწილეებს საქმიანი, საინტერესო პრეზენტაცია-დისკუსიები უსურვა.
აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო კონფერენცია „კულტურა და ხელოვნება თანამედროვეობის კონტექსტში“ ორ წელიწადში ერთხელ ტარდება და სადღეისოდ ერთ-ერთ მასშტაბურ სამეცნიერო ფორუმად ჩამოყალიბდა.
სოსო გაზდელიანი
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება