21 თებერვალს, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილესთან, ირინე აბულაძესთან ერთად, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტს რობიზონ ილურიძეს კოსტა ხეთაგუროვის სახელობის სტიპენდია გადასცა. ასევე დაჯილდოვდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტი გიორგი ციკოლია, რომელსაც დიმიტრი გულიას სახელობის სტიპენდია გადაეცა. ისინი ოკუპირებული ცხინვალის რეგიონიდან და აფხაზეთიდან არიან. სტუდენტები სტიპენდიის სახით 300 ლარს, ერთი სასწავლო წლის განმავლობაში, ყოველთვიურად მიიღებენ.
სტიპენდია, რომელიც სახელმწიფო მინისტრის ინიციატივითა და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით წელს პირველად დაარსდა, განკუთვნილია იმ სტუდენტებისთვის ოკუპირებული ტერიტორიიდან, რომლებიც ერთიან ეროვნულ გამოცდებზე, მიუხედავად უამრავი დაბრკოლებისა, საუკეთესო შედეგი აჩვენეს და ყველაზე მაღალი ქულები მიიღეს.
„ამ ნაბიჯით, გვინდა ხაზი გავუსვათ, რომ აფხაზური და ოსური კულტურის დაცვა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ზოგადად განათლება და განსაკუთრებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ახალგაზრდების დახმარება. ესაა დღეს ყველაზე სწორი პასუხი იმ ძალისმიერ პოლიტიკაზე, რომელიც წლების განმავლობაში ხორციელდება. ჩვენ გვაქვს ახალი სამშვიდობო ინიციატივა - „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“, რომლის დიდი ნაწილიც სწორედ ხარისხიანი განათლების ხელმისაწვდომობას ეხება, ეს კი ახალგაზრდებს უკეთ სწავლისთვის მეტ მოტივაციას მისცემს. მსგავსი მიზანმიმართული ნაბიჯებით, მეტი განათლებით, მეტი განვითარებით უნდა დავუპირისპირდეთ ოკუპაციას, რომელსაც აუცილებლად დავძლევთ“, - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ დიმიტრი გულია აფხაზი მწერალი, აფხაზური ლიტერატურის ფუძემდებელი, აფხაზეთის სახალხო პოეტი და სსრკ-ს უმაღლესი საბჭოს დეპუტატი იყო. კოსტა ხეთაგუროვი კი საყოველთაოდ მოიაზრება, როგორც ოსური ლიტერატურის ფუძემდებელი, პოეტი, განმანათლებელი და მხატვარი.
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ღონისძიებას კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორი კახაბერ კორძაია, უნივერსიტეტის სტუდენტებთან ერთად ესწრებოდა.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება