კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
საგანმანათლებლო პროექტი - „რას ამბობს შავი ზღვა“
საგანმანათლებლო კონკურსი - „რას ამბობს შავი ზღვა“ - შავი ზღვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებაა. კონკურსი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით წელს პირველად ცხადდება კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მიერ. შავი ზღვის საერთაშორისო დღე უკვე ოცდამეხუთე წელია, ყოველწლიურად, 31 ოქტომბერს აღინიშნება. მას საფუძველი დაუდო 1996 წელს შავი ზღვის აუზის ექვსი ქვეყნის - ბულგარეთის, რუმინეთის, თურქეთის, საქართველოს, რუსეთისა და უკრაინის - შავი ზღვის რეაბილიტაციისა და დაცვის სტრატეგიულ სამოქმედო გეგმაზე ხელმოწერამ.
- მიზანია, მოსწავლეებმა უკეთ გაიაზრონ შავი ზღვის მნიშვნელობა როგორც საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკის, ასევე საგარეო ურთიერთობების ჭრილში, გაეცნონ შავ ზღვასთან დაკავშირებულ სამეცნიერო საკითხებსა და შავი ზღვის თემის ინტერპრეტაციებს ქართულ მითოლოგიაში, ლიტერატურასა და ხელოვნებაში. პროექტი მონაწილეებს განუვითარებს კვლევით, სააზროვნო, საკომუნიკაციო და კონკურენტულ გარემოში თანამშრომლობის უნარებს; ხელს შეუწყობს სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებელს შორის კონტაქტის დამყარებას; უნივერსიტეტის საქმიანობის ფართო მასშტაბით გაცნობასა და სამომავლო საგანმანათლებლო პროექტების ერთობლივ ორგანიზებას.
კონკურსი ეძღვება შავი ზღვის საერთაშორისო დღის აღნიშვნის 25-ე წლისთავს.
საგანმანათლებლო კონკურსი შედგება 2 სექციისგან (კონკურსანტმა უნდა აირჩიოს მხოლოდ ერთი სექცია):
- ჟურნალისტიკა;
- ესსეისტიკა.
პროექტში მონაწილეობა შეუძლია საქართველოს მასშტაბით ყველა საჯარო და კერძო სკოლის მე- 10, მე- 11 და მე-12 კლასის მოსწავლეებს.
კონკურსანტმა უნდა აირჩიოს მხოლოდ ერთი სექცია, შეავსოს ანკეტა და საკონკურსო მასალებთან ერთად გადმოაგზავნოს შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: schoolprojects@ciu.edu.ge
ანკეტა - ჟურნალისტიკის სექცია - „რას ამბობს შავი ზღვა“
ანკეტა - ესსეისტიკის სექცია - „რას ამბობს შავი ზღვა“(„ჩემი სამშობლო საზღვაო ქვეყანაა“)
ჟურნალისტიკის სექცია
(„რას ამბობს შავი ზღვა“)
ჟურნალისტიკის სექციაში მონაწილე კონკურსანტის მიზანია, მოამზადოს სამეცნიერო-პოპულარული ფორმატის სიუჟეტი შავ ზღვაზე და მასთან დაკავშირებულ ნებისმიერ თემაზე, რომელშიც წარმოჩენილი იქნება საკითხის მიმართ კონკურსანტის ანალიტიკური ხედვა და კვლევითი უნარები. კონკურსანტი აგრეთვე არ არის შეზღუდული ჟანრობრივ არჩევანშიც. ვიდეოს ქრონომეტრაჟი არ უნდა აღემატებოდეს 3 წუთს.
სიუჟეტზე ჯგუფური მუშაობა დასაშვებია (არაუმეტეს 2 მოსწავლე);
- კონკურსანტის მიერ წარმოდგენილი სიუჟეტი, კონკურსის თემატიკიდან გამომდინარე, უნდა ეხებოდეს შავ ზღვას, შავ ზღვასთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხს (ადამიანები, მოვლენები, გარემოებანი). იმისათვის რომ გიყვარდეს ზღვა და ხედავდე მის ფუნქციასა და მის ირგვლივ მოვლენებს, არ არის აუცილებელი იყო მეზღვაური;
- თუ არ ცხოვრობთ ზღვისპირა ქალაქში ან არასდროს გინახავთ ზღვა, საკონკურსო მასალა შეიძლება მომზადდეს ზღვასთან დაკავშირებულ საინტერესო ამბავზე, ლეგენდაზე, ისტორიაზე, ტრადიციაზე და სხვ. (თქვენი თვალით დანახული ზღვა);
- საინტერესოა ზღვისპირა რეგიონებში მცხოვრები ადამიანების ყოფა. სიუჟეტი შესაძლოა ეხებოდეს ზღვისპირა რეგიონებში მცხოვრები ადამიანების ყოველდღიურობას, წეს-ჩვეულებებს, ტრადიციებს და ა.შ.;
- არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ისტორიულ-პოლიტიკური ასპექტი - შავი ზღვის ნაწილი დღეს საქართველოსთვის დაკარგულია, აფხაზეთში განვითარებული ცნობილი მოვლენების გამო. შესაბამისად, აქტუალურია ამ თემაზე მომზადებული საკონკურსო მასალა.
- ზღვას ბინადარებიც ჰყავს. ამ მიმართულებით გაკეთებული სიუჟეტის ვიდეო შესაძლოა ნაწილობრივ არაორიგინალური (გადაღებული არა ავტორის მიერ) იყოს.
*ვიდეოჩანაწერის დამზადება ნებისმიერი ტექნიკური საშუალებითაა შესაძლებელი.
ეტაპები:
- რეგისტრაცია და ვიდეომასალის გამოგზავნა: 1 - 7 სექტემბერი.
- კომისიის მიერ ნამუშევრების განხილვა და შერჩევა: 8 - 17 სექტემბერი.
- II ეტაპზე გადასული ნამუშევრების პრეზენტაცია (ონლაინ პლატფორმა Zoom-ის მეშვეობით) და გამარჯვებულთა გამოვლენა (I, II, III ადგილი): 18 სექტემბერი.
შეფასების კრიტერიუმები:
კონკურსანტის მიერ გამოგზავნილი ვიდეოჩანაწერი ფასდება ჟიურის მიერ ათქულიანი სისტემით, შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით:
- საკითხის შესწავლა: რამდენად სიღრმისეულად არის გამოკვლეული/განხილული საკითხი - 2 ქულა;
- საკითხის გააზრება: რამდენად თვალსაჩინოა კონკურსანტის მიერ საკითხის სამეცნიერო გააზრება და რამდენად კარგად ჩანს კონკურსანტის კვლევითი/ანალიტიკური უნარები - 2 ქულა;
- რამდენად გასაგებია, საინტერესოა, ნამუშევარი მაყურებლისათვის - 2 ქულა;
- თემის აქტუალურობა - 2 ქულა;
- შემოქმედებითი ხედვა: რამდენად ორიგინალურია, კრეატიულია, ფასეულია ნამუშევარი შემოქმედებითი თვალსაზრისით - 2 ქულა.
კონკურსანტმა მინიმალურად უნდა გამოიყენოს ინტერნეტით გავრცელებული ინფორმაცია და ვიდეოკადრები; პრეზენტაციაში აუცილებლად უნდა იყოს მითითებული გამოყენებული ლიტერატურა და ინტერნეტრესურსები.
სამეცნიერო-პოპულარული ესსეების სექცია
(„რას ამბობს შავი ზღვა“ -„ჩემი სამშობლო საზღვაო ქვეყანაა“ )
ესსეისტიკის სექციაში კონკურსანტის მიზანია, მოამზადოს სამეცნიერო-პოპულარული ესსე შავი ზღვის თემაზე, რომელშიც წარმოჩენილი იქნება საკითხის მიმართ კონკურსანტის ანალიტიკური ხედვა და კვლევითი უნარები. ესსეს მოცულობა განისაზღვრება A4 ფორმატის 3-5 გვერდით (შრიფტის ზომა 12).
თემატიკა:
- შავი ზღვა, როგორც საქართველოს საგარეო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ვაჭრობის წარმოების ძირითადი არტერია;
- შავი ზღვის სანაპირო, როგორც ქართული ტურიზმის განვითარების მნიშვნელოვანი წყარო;
- აფხაზეთი - საქართველოს ტკივილი/ ისტორია და სიამაყე;
- შავი ზღვის თემატიკა მითოლოგიაში, ლიტერატურასა და ხელოვნებაში („არგონავტების“ მითი, ოთარ ჭილაძის „გზაზე ერთი კაცი მიდიოდა“, ნოდარ დუმბაძის „HELLADOS” და სხვ.).
ეტაპები:
- რეგისტრაცია და ესსეს გამოგზავნა: 1-7 სექტემბერი;
- კომისიის მიერ ესსეების განხილვა და შერჩევა: 8 – 17 სექტემბერი;
- II ეტაპზე გადასული ესსეების პრეზენტაცია (ონლაინ პლატფორმა Zoom-ის მეშვეობით) და გამარჯვებულთა გამოვლენა (I, II, III ადგილი): 19 სექტემბერი;
კონკურსანტი შეთავაზებული თემებიდან ირჩევს ერთ-ერთს; არგუმენტირებულად აფასებს შავი ზღვის მნიშვნელობას საქართველოს ეკონომიკისა და საგარეო ურთიერთობების ჭრილში, ტურიზმის განვითარების პოტენციალს და დასაბუთებულად აანალიზებს კონკრეტულ მითსა თუ მხატვრულ ნაწარმოებებს.
შეფასების კრიტერიუმები:
კონკურსანტის მიერ გამოგზავნილი ესსეები ფასდება ჟიურის მიერ ათქულიანი სისტემით, შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით:
- მსჯელობა და ლოგიკური აზროვნება - 2 ქულა;
- შავი ზღვის ისტორიისა და მის შესახებ მნიშვნელოვანი ინფორმაციის ფლობა - 2 ქულა;
- სამეცნიერო-ანალიტიკური მსჯელობა, დასაბუთება, პარალელები და არგუმენტი - 2 ქულა;
- ესსეს აგება და ადეკვატურობა - 2 ქულა;
- ესსეს ენა და სტილი - 2 ქულა.
კონკურსანტმა ნაშრომში მინიმალურად უნდა გამოიყენოს ინტერნეტით გავრცელებული ინფორმაცია და ვიდეოკადრები; პრეზენტაციაში აუცილებლად უნდა იყოს მითითებული გამოყენებული ლიტერატურა და ინტერნეტრესურსები.