18 აპრილს, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტს, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფ. მარტყოფის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები ესტუმრნენ. კსუ-ს ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა და სტუდენტმა მენტორებმა მოსწავლეებს უნივერსიტეტის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა დაათვალიერებინეს და სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამის შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია.
მოსწავლეებმა მოინახულეს უნივერსიტეტის ახალი ბიბლიოთეკა, მულტიმედია ცენტრი, იმიტირებული სასამართლო პროცესების დარბაზი, საკონფერენციო დარბაზი, ბიზნეს ინკუბატორის ოთახი და სხვ.
უნივერსიტეტის გაცნობითი ტურის შემდეგ, მოსწავლეებისთვის კსუ-ს ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელისა და „განათლების სახლის“ დამფუძნებლის, ზაზა ცოტნიაშვილის ლექცია გაიმართა, თემაზე: „ოცნებიდან წარმატებულ ბიზნესამდე“. ლექცია მოტივაციის გაღვივებით წარმატებაზე ორიენტირებული აზროვნების ჩამოყალიბებას ეხებოდა. ამ საიდუმლოს ცოდნა მნიშვნელოვანია სწორი და წარმატებული ცხოვრებისთვის, თუმცა მომხსენებლის მოსაზრებით, სკოლებში მას ნაკლები ყურადღება ეთმობა.
აღსანიშნავია, რომ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი აქტიურად თანამშრომლობს საქართველოს სხვადასხვა საჯარო თუ კერძო სკოლასთან. უნივერსიტეტში ხშირად იმართება სასკოლო-საგანმანათლებლო პროექტები და ტურები, ასევე მნიშვნელოვანია სკოლებში უნივერსიტეტის გასვლითი აქტივობებიც.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება