23-28 სექტემბერს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტმა „მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალი 2019“-ის ფარგლებში საზოგადოებას სამეცნიერო აქტივობები წარუდგინა.
23 სექტემბერს, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში, სამეცნიერო პროექტის - „მცოცავი ოკუპაციის გავლენა მოსახლეობის დენადობაზე“, - კვლევის შედეგების პრეზენტაცია გაიმართა.
კვლევა, რომელიც კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის „მცირე სამეცნიერო გრანტის“ ფარგლებში, შიდა ქართლში, გამყოფი ხაზისპირა სოფლებში განხორციელდა, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომისა და შემდგომი მცოცავი ოკუპაციით დაზარალებული მოსახლეობის წინაშე არსებულ გამოწვევებს ეხებოდა.
ღონისძიება კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორმა, კახაბერ კორძაიამ გახსნა, რომელმაც მადლობა გადაუხადა ავტორებს გაწეული სამუშაოსთვის და კვლევის შედეგების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.
ოფიციალური მისალმებების შემდეგ, მოხსენება პროექტის კოორდინატორმა, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პოლიტიკის მეცნიერების სადოქტორო პროგრამის დოქტორანტმა, არინა თავაქარაშვილმა წარადგინა. მან კვლევის მიმდინარეობისა და ძირითადი შედეგების შესახებ ისაუბრა, განსაკუთრებით კი ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხოებაზე, ეკონომიკურ მდგომარეობასა და მძიმე სოციალურ ფონზე გაამახვილა ყურადღება.
ღონისძიებას კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ადმინისტრაცია, აკადემიური პერსონალი, სტუდენტები და სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
24 სექტემბერს, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მულტიმედია ცენტრში, სამეცნიერო-პოპულარული ფილმის - „არახელსაყრელი სიმართლე“ - პრეზენტაცია გაიმართა.
ნობელის პრემიის ლაურეატის, აშშ-ს ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის ალ გორის ნაწარმოების მიხედვით შექმნილი ფილმი, კსუ-ს სამეცნიერო კვლევების დეპარტამენტის უფროსმა, სესილი გოგიბერიძემ წარადგინა.
„არახელსაყრელი სიმართლე“ გლობალური დათბობის პრობლემებს ეხება. ფილმში წარმოდგენილია დრამატული ფოტოები და გრაფიკული ილუსტრაციები, რომლებიც მკაფიოდ ადასტურებენ გლობალური დათბობის და კლიმატის ცვლილების მასშტაბებს ჩვენს პლანეტაზე.
25 სექტემბერს, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში, ოლივერ ვენდელ ჰოლმსის სადისკუსიო კლუბი „იდეათა ბაზარი“ გაიხსნა. კლუბს, რომელიც სამართლის აქტუალურ საკითხებზე იმუშავებს, იდეის ავტორი, კსუ-ს პროფესორი, სამართლის დოქტორი მინდია უგრეხელიძე უხელმძღვანელებს, კლუბში გაწევრიანება კი უნივერსიტეტის ნებისმიერი ფაკულტეტის სტუდენტისთვის იქნება შესაძლებელი.
ღონისძიება კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორმა კახაბერ კორძაიამ და სამეცნიერო კვლევების დეპარტამენტის უფროსმა სესილი გოგიბერიძემ გახსნეს. მათ დამსწრე აუდიტორიას კლუბის გახსნა მიულოცეს და ნაყოფიერი მუშაობა უსურვეს.
სადისკუსიო კლუბის დამაარსებელმა და ხელმძღვანელმა მინდია უგრეხელიძემ კი მოხსენება თემაზე - „სამართალი, როგორც ლეგიმეტრიული პროცესი“ - წაიკითხა. მისი განცხადებით, სამართალი მხოლოდ ნორმების, ღირებულებათა ან თუნდაც განზომილებათა სტატიკური სისტემა არ არის. იმავდროულად ის წარმოადგენს სამართალმზომელობის უწყვეტ დინამიკურ პროცესს, რომლის ნომოლოგია და ლეგიმეტრიული რაობა დღემდე შეუსწავლელია სათანადოდ, ამიტომ მისი კვლევა უაღრესად პერსპექტიული მიმართულებაა.
ღონისძიებაში ასევე მონაწილეობა მიიღეს კსუ-ს სამართლის ფაკულტეტის წარმომადგენლებმა, დოქტორანტებმა და მოწვეულმა სტუმრებმა.
26 სექტემბერს, თბილისის N207 სკოლის მოსწავლეებისთვის, საგანმანათლებლო პროექტი - „პირველი სამედიცინო დახმარება“ - გაიმართა.
ტრენინგს კსუ-ს კლინიკური სწავლების კოორდინატორი ლაშა დოლიძე გაუძღვა, რომელმაც სკოლის მოსწავლეებს სხვადასხვა კრიტიკული მდგომარეობის მართვის თეორიული საკითხები გააცნო და პრაქტიკული მაგალითებიც აჩვენა.
27 სექტემბერს, თბილისის N115 სკოლის მოსწავლეებისთვის, საჯარო ლექცია თემაზე: „მზის ნათელი და ბნელი მხარეები“ გაიმართა.
ლექციას კსუ-ს მედიცინის ფაკულტეტის დეკანი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, დერმატო-ვენეროლოგი ლალი მეკოკიშვილი უძღვებოდა, რომელმაც სკოლის მოსწავლეებს გააცნო კანის დაავადების სახეები, მზის სხივების დადებითი და უარყოფითი ზემოქმედების შემთხვევები. ასევე ისაუბრა კანის კიბოს პრევენციის საშუალებებზე, კანის კიბოს ნიშნების ამოცნობასა და მზისგან დაცვის ღონისძიებებზე.
„მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალი 2019“-ის დასკვნით დღეს კი კსუ-ს სტუდენტები დმანისის მუზეუმ-ნაკრძალს ესტუმრნენ, სადაც უძველესი ადამიანებისა და უცხოველების ნეშთები მოინახულეს, ასევე გაეცნენ დმანისის ისტორიულ მნიშვნელობას შუა საუკუნეების საქართველოსთვის, ქალაქის არქიტექტურასა და სამონასტრო კომპლექსს.
დმანისის ისტორიულ ექსკურსს კსუ-ს ასოცირებული პროფესორი, ისტორიკოსი ქეთევან შოშიაშვილი უძღვებოდა.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება