29 აპრილს, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტის კამპუსში პროფესიული განათლების ცენტრის მეორე მიღების ფარგლებში, პროფესიული მომზადების პროგრამის „მევენახეობის სპეციალისტი“ სასწავლო პროცესის გახსნის ღონისძიება გაიმართა.
აღნიშნული პროგრამის ფარგლებში სწავლა მეორე ნაკადის 12 მსმენელმა დაიწყო. პროგრამა ექვს კვირას გაგრძელდება და განხორციელდება როგორც უნივერსიტეტის თბილისის კორპუსში, ასევე ოკამის საწარმოში, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ აღაიანში. სასწავლო პროცესი თეორიულ და პრაქტიკულ კომპონენტებს მოიცავს, რაც მსმენელებს თანამედროვე სტანდარტებზე დაფუძნებულ ცოდნასა და უნარებს მისცემს.
გახსნის ღონისძიებას ესწრებოდნენ პროფესიული პროგრამის ახალი ნაკადის მსმენელები, მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტისა და საწარმოს წარმომადგენლები, პროფესიული განათლების ცენტრის დირექტორი თეა ოსეფაშვილი, ასევე ცენტრის პირველი სასერტიფიკატო პროგრამების კურსდამთავრებულები, რომლებმაც დამსწრეებს საკუთარ გამოცდილება გაუზიარეს.
CIU-ს პროფესიული განათლების ცენტრი 2023 წლის იანვარში დაარსდა და მისი მიზანია უნივერსიტეტში პროფესიული განათლების ინტეგრაცია და სისტემის განვითარების ხელშეწყობა. ცენტრმა 2024 წლის 8 აგვისტოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის გადაწყვეტილებით, მიიღო სამი სასერტიფიკატო პროგრამის განხორციელების უფლება, რაც ასევე სახელმწიფოს მიერ აღიარებული სერტიფიკატის გაცემის უფლებას მოიცავს.
პროგრამა დაფინანსებულია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს მიერ და მისი განხორციელება 2025 წლის 26 მარტიდან განახლდა.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება