საქართველოს საპატრიარქომ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან ერთად მნიშვნელოვან პროექტს ჩაუყარა საფუძველი. „ღვთისმშობლის მახარობლები’’ - ასე ჰქვია ექსპედიციას, რომლის მიზანია საქართველოს საზღვრისპირა რეგიონებში მცხოვრებთა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის, ადათ-წესების შესწავლა და თანამედროვე ყოფაში კულტურული ასპექტების გამოვლენა.
პროექტში „ღვთისმშობლის მახარობლები“ საქართველოს რამდენიმე უნივერსიტეტის სტუდენტებმა, მათ შორის, ჩვენმა ახალგაზრდებმაც მიიღეს.
ექსპედიციის მონაწილეები შეხვდნენ სამების საკათედრო ტაძრის სასულიერო პირებს, სადაც მეუფე დანიელმა, მამა გიორგიმ და მამა ზაქარიამ სრული ინფორმაცია მიაწოდეს სტუდენტებს. გადასცეს კითხვარები, ხატები, რომელიც ექსპედიციის მონაწილეებს მოსახლეობისთვის უნდა დაერიგებინათ. კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის 19კაციანი ექსპედიციის ლიდერად სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტი ბექა ცოტნიაშვილი დასახელდა. ძალიან მალე უნივერსიტეტის სტუდენტებმა საოცარი უნარები,გუნდური ერთიანობა და მეგობრობა გამოავლინეს.
ექსპედიცია გაემგზავრა ხევისკენ, რომელსაც მასპინძლობა გაუწია სტეფანწმინდა-ხევის მთავარეპისკოპოსმა იეგუდიელმა, რომელმაც ექსპედიციის მონაწილენი წმინდა ილია მართლის სახელობის გიმნაზიაში დააბინავა. ექსპედიციის მონაწილეებს მეგზურობას მამა კონსტანტინე უწევდა, მამა კონსტანტინემ სოფლების ნუსხა გააცნო სტუდენტებს, საღამოს კი დარიალის ხეობას ესტუმრნენ.
სტუდენტებმა მამა კონსტანტინეს ხელმძღვანელობით 15 სოფელი მოინახულეს. თითოეული სოფელი განსაკუთრებული სილამაზით, ისტორიული ძეგლებითა და ხალხით გამოირჩეოდა. ყველა ეკლესიასთან და სალოცავთან მისასვლელი გზა გაწმენდილი და მოვლილი იყო,რაც მეუფისა და მისი გვერდში მდგომი სამღვდელოების დამსახურებაა. ექსპედიციის ფარგლებში მოვლილი სოფლების ნუსხა საკმაოდ გრძელია,მაგრამ არ შეიძლება გამოვყოთ რამდენიმე სოფელი,რომელმაც წარუშლელი კვალი დატოვა ექსპედიციის მონაწილეთა გულში.ასეთი სოფელია-სნო, რომელიც სრულიად საქართველოს კათალიკოს პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის მშობლიური სოფელი გახლავთ. სწორედ ეს სოფელი იკურთხა.
უწმინდესის და უნეტარესის, ილია მეორის კლასელმა სანდრო გელაშვილმა ახალგაზრდებს პატრიარქის მოკლე ბიორგრაფია გააცნო,ასევე საინტერესო იყო სოფლის ისტორია და ამ სოფელში არსებული ისტორიული ძეგლების ისტორიაც. სოფელში ვხვდებით დარყის წმინდა გიორგის ეკლესიას,რომელიც მთის წვერზე დგას.ხოლო სოფლის განაპირას კი მდებარეობს ღუდუშაურთა ციხე,რომელიც XVI-XVII საუკუნის მიჯნაზეა აგებული. ექსპედიციის კულმინაცია თრუსოს ხეობა იყო.ექსპედიციის მონაწილეებმა ნახეს ნახევრად დაცლილი სოფლები,მოუწიათ ნახევრად დანგრეულ სახლების ყურებაც,თუმცა ხეობას საუკუნეები დაჰყურებს ულამაზესი ბუნება და მოხდენილად მდგარი ციხე-კოშკები. თრუსოს ხეობას ახალ სიცოცხლეს მატებს იქ გაშლილი სამონასტრო საქმიანობა, რასაც დედათა და მამათა მონასტერი ემსახურება.
ექსპედიცია ორი კვირის განმავლობაში გაგრძელდა. ერთ-ერთი მონაწილე, სტუდენტი მაიკო შონია ემოციურად იხსენებს პიროვნებას, რომელიც სოფელ ქოსელის ერთადერთი მკვიდრია. ბატონი ვახტანგ ფიცხელაური 19 წელია, აქ მარტო ცხვრობს, იგი ძმების საფლავებისა და კერის მიტოვებას არ აპირებს. სტუდენტებისთვის ფიცხელაური გმირობის მაგალითად იქცა, რახან ეროვნულ კულტურასა და ღირებულებებს მტკიცედ დარაჯობს.
ხევში ექსპედიციის შესახებ კსუ-ს ასოცირებული პროფესორი, ისტორიის დოქტორი, კსუ-ს სტუდენტური ექსპედიციის ხელმძღვანელი ქეთევან შოშიაშვილი გვიამბობს:
- ექსპედიციამ ახალგაზრდებზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. შევისწავლეთ ბაზა, რომელიც უდიდეს ტურისტული პოტენციალს წარმოადგენს. სამწუხაროდ, ამ ექსპედიციის კვლევებმა გვაჩვენა, რომ ტურიზმში მოსახლეობის ჩართულობამ გამოიწვია მათი ტრადიციული საქმიანობის, მესაქონლეობის მივიწყება და კავკასიონის მთებში, რომლებიც ძველად ხევის ქართველი მოსახლეების მიერ საძოვრებად გამოიყენებოდა, დღეს, აზერბაიჯანელები აწარმოებენ მეცხოველეობას.
- პირველი ექსპედიცია იყო ეს, თუ მანამდეც ჩატარებულა მსგავსი აქტივობა?
- არა, ეს იყო მეორე ღონისძიება. პირველი ფშავში, უნივერსიტეტის კანცლერის, ბატონი ვახტანგ წივწივაძის ხელმძღვანელობით მოეწყო და მის მიერვე სრულად დაფინანსდა.
ექსპედიციის მოწყობა იმ წელს ახალი „მთის კანონის“ გამოიცემასა და ამოქმედებას უკავშირდებოდა. გადავწყვიტეთ, შეგვესწავლა დემოგრაფიული არეალი. ექსპედიციის მასშტაბიდან გამომდინარე, სამუშაოში უნივერსიტეტის ორმოცამდე სტუდენტი იღებდა მონაწილეობას სხვადასხვა ფაკულტეტიდან.
- როგორც გავიგეთ, ამის შემდეგ კავკასის საერთაშორისო უნივერსიტეტი მიიწვია საპატრიარქომ რა გახდა ამის მიზეზი?
- ხევში წარმატებით განხორციელებული ექსპედიციის შედეგად, საქართველოს საპატრიარქომ პროექტში ჩართული უნივერსიტეტების სტუდენტები მიიწვია და განსაკუთრებული მადლობა გადაგვიხადა ნაყოფიერი მუშაობისთვის. შეხვედრას ესწრებოდა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის იმჟამინდელი მინისტრი მიხეილ ჩხენკელი. მადლიერება და შექება ჩვენი სტუდენტებისთვის დიდი სტიმულია და მომავალში იმედი მაქვს, რომ მსგავს აქტივობებში კვლავაც მივიღებთ მონაწილეობას.
მომზადებულია სტუდენტების: მარიკა ირემაძისა და თამარ თავაძის მიერ
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება