კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორი კახაბერ კორძაია, “STARMUS VI“ საერთაშორისო სამეცნიერო ფესტივალიდან დაბრუნებულ სტუდენტებს, თამთა წირქვაძესა და მარიამ შულაიას შეხვდა, სადაც „რექტორთან ჩაიზე“ ფესტივალის მნიშვნელობასა და მიღებულ შთაბეჭდილებებზე ისაუბრეს.
თამთა წირქვაძე - "STARMUS ფესტივალზე დასწრებამ საოცარი შთაბეჭდილელები და ემოციები გამოიწვია. ღონისძიება დატვირთული იყო როგორც ძალიან საინტერესო სამეცნიერო სიახლეებით, ისე სამოტივაციო ლექციებითა და დღის ბოლოს, საოცარი პერფორმანსებით. მოვისმინეთ ნობელის პრემიის ლაურიატის, ემანუელ კარპენტიერის, ასტრონავტებისა და ასტოფიზიკოსების, კრის ჰედფილდის, ჯორჯ ნილდისა და ჩარლზ დიუკის, უაღრესად საინტერესო სამეცნიერო ლექციები, რამაც მომავლის პერსპექტივები სხვანაირად დაგვანახა. ასევე ვესწრებოდით აიფონის შემქმნელის, ტონი ფადელის როგორც სამეცნიერო, ისე სამოტივაციო ლექციებს, რის შემდეგაც ცხოვრებასა და ჩვენს როლს სამყაროში, მიზნებსა და გეგმებს სხვა თვალით შევხედეთ. რაც შეეხება კონცერტებს, საოცარი საღამოები იმართებოდა. ისეთი ცნობილი მუსიკოსები, როგორებიცაა Queen-ის გიტარისტი ბრაიან მეი, System of a down-ის სოლისტი სერჟ თანქიანი, რიკ უეიკმენი, Sons of Apollo, გრაჰამ გოულდმანი და სხვები, ასრულებდნენ ლეგენდარული ვარსკვლავების ცნობილ შემოქმედებებს. საერთო ჯამში, ფესტივალი იყო უაღრესად ნაყოფიერი და შთამბეჭდავი".
“STARMUS Festival - 6 Edition“, 5-10 სექტემბერს ქალაქ ერევანში გაიმართა. წლევანდელი ფესტივალის თემა იყო „50 წელი მარსზე“ (STARMUS VI - 50 Years on Mars) და ის „MARS 3“ მისიის პირველი დაშვების 50 წლის იუბილეს მიეძღვნა.
“STARMUS“ ფესტივალი საერთაშორისო პლატფორმაა სამეცნიერო კომუნიკაციისა და ინტერდისციპლინური თანამშრომლობის წასახალისებლად. ფესტივალის ფორმატი მოიცავს სამეცნიერო დებატებს, პანელურ დისკუსიებს, გამოფენებს, კონცერტებს, ფილმების ჩვენებასა და მრავალ სხვა აქტივობას. წლევანდელი „STARMUS“-ის ფარგლებში, მოხსენებით წარდგნენ ნობელის პრემიის ლაურეატები: ჩვენი დროის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფიზიკოსი კიპ თორნი, ემანუელ შარპენტიე, დონა სტრიკლენდი, ედვარდ მოზერი, მიშელ მეიორი, აპოლონის ასტრონავტი ჩარლი დიუკი, ასტრონავტი კრის ჰედფილდი, რომელმაც პირველად დაუკრა გიტარაზე კოსმოსიდან, ჩარლზ ბოლდენი და აიპოდის გამომგონებელი ტონი ფადელი, ასევე, წლევანდელი ფესტივალის სტუმარი ნასას ასტრონავტი ჯიმ ბაღიანი იყო.
საერთაშორისო სამეცნიერო ფესტივალი “STARMUS“ ასტროფიზიკოსმა გარიკ ისრაელიანმა და Queen-ის ლეგენდარულმა გიტარისტმა, ასტროფიზიკოსმა ბრაიან მეიმ დააარსეს. ფესტივალი ასოცირდება ბრიტანელი ფიზიკოსისა და ასტროფიზიკოსის, სტივენ ჰოკინგისა და მსოფლიოში ცნობილი მხატვრების, მეცნიერებისა და მუსიკოსების სახელებთან.
ფესტივალი პირველად 2011 წელს, ტენერიფეში (კანარის კუნძულები, ესპანეთი) გაიმართა და მას შემდეგ, ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში ტარდება. დღეს “STARMUS“ საერთაშორისო პლატფორმას წარმოადგენს, რომელიც აერთიანებს მსოფლიოს ცნობილ მეცნიერებს, ნობელის პრემიის ლაურეატებს, ასტრონავტებს, ხელოვანებს, რომლებიც თავიანთ გამოცდილებას, ცოდნასა და უახლეს გამოგონებებს უზიარებენ ახალ თაობებს იმ მიზნით, რომ მათი შთაგონება მეცნიერების სამყაროსკენ მიმართონ.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება