კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტებმა ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორ, იმუნოლოგ ნუნუ მიცკევიჩთან ერთად, საერთაშორისო სამეცნიერო სკოლა-კონფერენციაში მონაწილეობისთვის მზადება დაიწყეს.
კონფერენცია სახელწოდებით - "ინოვაციური ტექნოლოგიები კლინიკურ იმუნოლოგიაში: იმუნოდიაგნოსტიკიდან პერსონალიზებულ დამიზნებით იმუნოთერაპიასა და იმუნორეაბილიტაციისაკენ" - 2018 წლის 15-19 ივნისს ჩატარდება და დასკვნით ღონისძიებას, რომელიც 19 ივნისს გაიმართება, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი უმასპინძლებს.
საერთაშორისო სამეცნიერო სკოლა-კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ როგორც ქართველი, ასევე უცხოელი სტუდენტები სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლიდან. სკოლა-კონფერენციის ფარგლებში ჩატარდება ლექციები, მასტერკლასები ფუნდამენტური და კლინიკური იმუნოლოგიის, იმუნოდიაგნოსტიკისა და იმუნოთერაპიის აქტუალურ საკითხებზე. გაიმართება სამეცნიერო დისკუსიები ონკოიმუნოლოგიის თემატიკაზე მეცნიერებსა და სტუდენტებს შორის, ასევე სამეცნიერო ინდივიდუალური და ჯგუფური დებატები სტუდენტებს შორის.
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში მიმდინარეობს კონფერენციაში მონაწილე სტუდენტების მზადება. მათი მონაწილეობით ტარდება სამეცნიერო სემინარები, სადაც განიხილება ღონისძიებაში მონაწილე უცხოელი მეცნიერების მიერ წინასწარ გამოგზავნილი სამეცნიერო პუბლიკაციები, არჩევენ სამეცნიერო სტატიებს და ამზადებენ პრეზენტაციებს.
აღნიშნულ სემინარები, რომელსაც სკოლა-კონფერენციის კოორდინატორი, ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი - იმუნოლოგი ნუნუ მიცკევიჩი უძღვება, 15 ივნისამდე გაგრძელდება და მასში ჩართვა მედიცინის ფაკულტეტის ყველა დაინტერესებულ სტუდენტს შეუძლია.
სკოლა კონფერენციას დაესწრებიან ცნობილი მეცნიერები ევროპისა და ამერიკის მაღალრეიტინგული უნივერსიტეტებიდან და წამყვანი კვლევითი ცენტრებიდან, როგორიც არის - კალიფორნიის კიბოს ცენტრი, პიტსბურგის უნივერსიტეტი, ვესტმინსტერის უნივერსიტეტი, ვენის უნივერსიტეტი და სხვა.
სამეცნიერო სკოლას კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტთან ერთად, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი უმასპინძლებენ.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება