კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის, მედიცინისა და ტურიზმის სპეციალობის სტუდენტებს საშუალება მიეცათ სამართლის დოქტორის - ქეთევან მჭედლიშვილის-ჰედრიხისა და პრაქტიკოსი იურისტის - ნატო ტაბუცაძის საჯარო ლექციას დასწრებოდნენ.
მომხსენებლები დამსწრე აუდიტორიას, კსუ-ს სამართლის ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებელმა - ვლადიმერ მაჭარაშვილმა წარუდგინა.
,,ტურიზმის სამართალი - გამოწვევები და საერთაშორისო პრაქტიკა“ - საჯარო ლექცია ამ მოხსენებით ნატო ტაბუცაძემ გახსნა და შეკრებილ აუდიტორიას დეტალურად გააცნო ყველა ის სიახლე, გამოწვევა და ინოვაცია, რაც ამ მიმართულებით მსოფლიო მასშტაბით ხორციელდება. მომხსენებელმა საკითხის განხილვის დროს საფრანგეთის გამოცდილებაზე განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა და ტურიზმის სამართლის მიმართულებით ქვეყანაში 2006 წელს მიღებული ტურიზმის ეთიკის კოდექსის მუხლებზე ისაუბრა.
მეორე საჯარო ლექცია, რომელიც ამავე აუდიტორიასთან სამართლის დოქტორმა ქეთევან მჭედლიშვილმა გამართა, სისხლის სამართლის ახალი მიმართულების - მედიცინის სისხლის სამართლის ძირითად პრობლემებსა და განვითარების ტენდენციებს შეეხებოდა. მომხსენებელმა დამსწრე საზოგადოებასთან რამდენიმე კაზუსი მიმოიხილა.
საჯარო ლექციამ დამსწრე საზოგადოების დიდი დაინტერესება გამოიწვია, სტუდენტებმა პრაქტიკოს იურისტებს განსახილველი თემების ირგვლივ შეკითხვებიც დაუსვეს.
ღონისძიების დასასრულს, კსუ-ს პროფესორმა გია მეფარიშვილმა სტუმრებსა და დამსწრე საზოგადოებას საჯარო ლექციაზე განსაკუთრებული აქტიურობისა და ჩართულობისათვის მადლობა გადაუხადა.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება