კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორი - კახაბერ კორძაია და ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი, რექტორის მოადგილე მარინა გედევანიშვილი - საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის საკონფერენციო დარბაზში - წმინდა მაქსიმე აღმსარებლისადმი მიძღვნილ VI საერთაშორისო საღვთისმეტყველო კონფერენციას დაესწრნენ.
გახსნის ცერემონიას, უწმინდესი და უნეტარესი - ილია II, საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ მოღვაწე სასულიერო პირები, მეცნიერები, ეპისკოპოსები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
,,წმ. მაქსიმე აღმსარებლის ცხოვრების ძველი ქართული თარგმანები და მათი თავისებურებები“, ,,ღირსი მაქსიმე აღმსარებლის ცხოვრებისა და მოღვაწეობის აქტუალურობა თანამედროვე სამყაროში“, ,,საეკლესიო ცხოვრება ლეჩხუმის მაზრაში XIX ს-ის ბოლოსა და XX ს-ის დასაწყისში“ - ეს იმ სამეცნიერო მოხსენებების მოკლე ჩამონათვალია - რომლებზეც 23 – 28 ოქტომბრის ჩათვლით კონფერენციაზე ისაუბრებენ.
ღონისძიების გახსნის შემდეგ, პირველი სესია საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში გაიმართა. კონფერენციის პროგრამა დეტალურადაა გაწერილი და მის ფარგლებში, მონაწილეები საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს და ცაგერისა და ლენტეხის სამღვდელმთავრო რეზიდენციას ესტუმრებიან.
კონფერენციის შემაჯამებელი პრეს-კონფერენცია 28 ოქტომბერს 15:00 საათზეა ჩანიშნული.
შეგახსენებთ, რომ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი ბოლო წლებში ჩატარებული - V და VI საღვთისმეტყველო კონფერენციის ერთ-ერთი ორგანიზატორია.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება