20 დეკემბერს, დაბა ბაკურიანში, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის, საქართველოსა და ირანის ურთიერთობების სამეცნიერო-ანალიტიკური ცენტრისა და საქართველოში ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოს კულტურის განყოფილების ორგანიზებით, საქართველოსა და ირანის პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობებისადმი მიძღვნილი მეოთხე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა.
გახსნის ღონისძიებაზე, კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს კსუ-ს რექტორმა - კახაბერ კორძაიამ, საქართველოში ირანის ისლამური რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა - სეიდ ჯავად ყავამ შაჰიდმა, საელჩოს კულტურის განყოფილების ხელმძღვანელმა - ჰამიდ მოსტაფავიმ და კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარემ - მაია კაპანაძემ. მათ თავიანთ გამოსვლებში, ორი ქვეყნის სამეცნიერო წრეების დაახლოვების საქმეში ამ კონფერენციის მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი და მონაწილეებს წარმატებები უსურვეს.
ირანის პოლიტიკურ, ეკონომიკურ და კულტურულ ურთიერთობებისადმი მიძღვნილ მეოთხე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში, რომელიც სამ განყოფილებად (პოლიტიკა და უსაფრთხოება, ეკონომიკა და კულტურა და ისტორია) იყო წარმოდგენილი, საქართველოს, ირანისა და აზერბაიჯანის უნივერსიტეტებისა და სამეცნიერო დაწესებულებების პროფესორების - 33 მოხსენება იყო წარმოდგენილი.
პლენარული სხდომის მოდერატორები - კსუ-ს საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო და პოლიტიკის მეცნიერებების სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამების ხელმძღვანელი - თამარ კიკნაძე და კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე, კსუ-ს საქართველოსა და ირანის ურთიერთობების სამეცნიერო-ანალიტიკური ცენტრისა და ირანის ოთახის ხელმძღვანელი - მაია კაპანაძე გახლდნენ.
კონფერენციის მომხსენებელთა მიერ წარმოდგენილი თემები ეხმიანებოდა არა მარტო საქართველოსა და ირანის პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობების ცალკეულ საკითხებს, არამედ მონაწილეებმა ყურადღება გაამახვილეს აქტუალურ რეგიონალურ პრობლემებზეც. მათ შორის კონფერენციაზე წარმოდგენილი იყო ისეთი მოხსენებები, როგორიცაა: ,,ისლამური სახელმწიფო, როგორც საერთაშორისო ახალი გამოწვევა და მისი როლი ენერგეტიკულ პოლიტიკაში“, ,,ირანისა და საქართველოს სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის მიმართულების გაფართოვება“, ,,ქართული გრაფიკით შესრულებული სპარსული სახარების შემცველი ხელნაწერები“ და სხვა.
აღსანიშნავია, რომ ირანის პოლიტიკურ, ეკონომიკურ და კულტურულ ურთიერთობებისადმი მიძღვნილ მეოთხე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას ესწრებოდნენ საპატიო სტუმრებიც. მათ შორის იყვნენ ცნობილი ქართველი ირანისტი - ბელა შალვაშვილი და საქართველოში სტუმრად მყოფი ირანელი კინორეჟისორი - ჰოსეინ ნამაზი.
საგულისხმოა, რომ მეოთხე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაზე, კონფერენციის ერთ-ერთმა მონაწილემ, მაზანდარანის უნივერსიტეტის პროფესორმა ალი აკბარ ჯაფარმა, კსუ-სა და ირანის მაზანდარანის უნივერსიტეტებს შორის მემორანდუმის გაფორმების ინიციატივაც გააჟღერა.
პლენარული სხდომის დასრულებისა და შეჯამების შემდგომ, კონფერენციის დასკვნით ნაწილში, კსუ-ს რექტორმა, საქართველოში ირანის ისლამური რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა და საელჩოს კულტურის განყოფილების ხელმძღვანელმა - ჰამიდ მოსტაფავიმ, კონფერენციის თითოეულ მონაწილეს ერთობლივი სერტიფიკატები გადასცეს.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება