27 მარტს, კსუ-ს კარიერის კვირეულის ფარგლებში, ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის, სადაზღვევო კომპანია „ირაოს“ საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგის დეპარტამენტის უფროსის, ნინი მინდორაშვილის მასტერკლასი გაიმართა, თემაზე: „როგორ დავგეგმო კარიერა მარკეტინგის სფეროში?“.
მომხსენებელმა აუდიტორიას თავისი პროფესიული გამოცდილება გაუზიარა და იმ უნარ-ჩვევების შესახებ ესაუბრა, რომელიც აუცილებელია წარმატებული მარკეტერისთვის. ნინი მინდორაშვილმა სტუდენტებს იმ ცოდნის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია, რომელიც დაინტერესებულ პირებს ეხმარება მარკეტინგის სფეროში წარმატების მისაღწევად, მათგან კი აღსანიშნავია: თეორიული ცოდნა მარკეტინგის საფუძვლებში; ცოდნა, რომელსაც ვიღებთ მნიშვნელოვანი ტრენინგებიდან; ცოდნა, რომელსაც ვიღებთ ადგილობრივ თუ საერთაშორისო ბაზარზე დაკვირვებით; ცოდნა, რომ როგორც კი გაჩერდები, სხვა გაგასწრებს; ცოდნა, რომ გზა რთულია და სწორედ ეს არის საინტერესო.
წარმატებული მარკეტინგის სპეციალისტისთვის დამახასიათებელ უნარ-ჩვევებში, მომხსებელმა ისეთი მნიშვნელოვანი ნიუანსები გამოყო, როგორიცაა მარტივი და სწრაფი ადაპტაციის უნარი; კრეატიულობა; შეუპოვრობა და თავდაჯერებულობა; მარცხთან შეგუება და სიახლეზე კონცენტრირება; თვითმოტივაციის უნარი; ინფორმაციის სწრაფად გააზრების უნარი და სხვ.
ნინი მინდორაშვილმა ყურადღება ასევე იმ გამოწვევებსა და ტენდენციებზე გაამახვილა, რომელიც მარკეტინგის სფეროშია, მათგან აღსანიშნავია სწრაფად ცვალებადი ბაზარი; მომხმარებლის ცვალებადი მოთხოვნილებები და ქცევა; ახალი ტექნოლოგიები, რომელიც მუდმივად ვითარდება; ფარული რეკლამის საჭიროება; Digital Marketing – 21-ე საუკუნის ახალი მარკეტინგი და ცვალებადი სოციალური მედია, ყოველწლიურად ახალი ტენდენციებით.
შეხვედრის დასასრულს კი მომხსენებელმა სტუდენტებს პროფესიული განვითარებისთვის მნიშვნელოვანი რჩევები მისცა: „ყოველთვის ეცადეთ მოხვდეთ იქ, სადაც მეტს ისწავლით; არასდროს გაჩერდეთ კომფორტის ზონაში; იფიქრეთ მუდმივად საკუთარი თავის განვითარებაზე; ახლავე დაიწყეთ სამსახურზე ფიქრი და ნუ დაელოდებით უნივერსიტეტის დამთავრებას; ყურადღება გაამახვილეთ Digital Marketing-ზე, ეს არის აწმყო და მომავალი, რომლის ცოდნაც გაგიმარტივებთ და გაგიკვლევთ გზას წარმატებისკენ.“
შეგახსენებთ, რომ კარიერის კვირეული კსუ-ს კარიერული განვითარების სამსახურისა და ბიზნესის ფაკულტეტის ინიციატივით ტარდება, რომელიც 4 თემატურ ღონისძიებას ითვალისწინებს. კვირეული მიზნად ისახავს ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტებს კონკრეტული სპეციალობის არჩევასა და კარიერულ დაგეგმარებაში დაეხმაროს.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება