10 მაისს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია - „ქართული ღვინო და ვაზი - ტრადიციები და სამეცნიერო გამოწვევები” - გაიხსნა.
კონფერენცია კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტისა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერით ტარდება.
კონფერენციის თემატიკა მრავალფეროვანია, რომელიც მოიცავს ქართული მეცნიერების დარგებს ღვინისა და ვაზის შესახებ. წარმოდგენილია საქართველოსა და უცხოეთში განხორციელებული საერთაშორისო კვლევების შედეგები, როგორც ისტორიულ-ეთნოგრაფიული, ასევე თანამედროვე ტექნოლოგიურ-აგრობიომრავალფეროვნების და ეკონომიკურ-პოლიტიკური მიმართულებით მეღვინეობა-მევენახეობაში.
კონფერენციის გახსნას ესწრებოდნენ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი - ლევან დავითაშვილი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის კანცლერი - ვახტანგ წივწივაძე, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორი - კახაბერ კორძაია, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე ნინო ოკრიბელაშვილი, „ქართული ტრადიციული ღვინის ფონდის“ თავმჯდომარე - დავითი - აბბა ალავერდელი მიტროპოლიტი, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი - ზვიად გაბისონია და სხვა საპატიო სტუმრები.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეოურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა სიტყვით გამოსვლისას საქართველოსა და უცხოეთში განხორციელებულ საერთაშორისო კვლევებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველო უმნიშვნელოვანესი ადგილია ვაზისა და ღვინის ისტორიაში. „დღეს იმართება საერთაშორისო კონფერენცია, სადაც ჩვენი პარტნიორები არიან როგორც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ისე კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი, რასაც მივესალმებით, რადგან აქ არის ძალიან დიდი სამეცნიერო პოტენციალი“ - განაცხადა მინისტრმა.
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორმა კახაბერ კორძაიამ კი ყურადღება ღვინისა და ვაზის მიმართულებით ფუნდამენტური კვლევების აუცილებლობაზე გაამახვილა და ამ კუთხით კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის აქტივობებზე ისაუბრა.
საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის მომხსენებლები არიან, როგორც საქართველოს, ასევე ევროპისა და კანადის მეღვინეობა-მევენახეობის დარგში წამყვანი უნივერსიტეტებიდან და კვლევითი ცენტრებიდან.
9-12 მაისს კონფერენციის ღონისძიებებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან ერთად, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ჯიღაურას სამეცნიერო კვლევითი ცენტრი, იყალთოს ქვევრის აკადემია და საქართველოს ეროვნული მუზეუმი მასპინძლობს.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება