კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის, ჟურნალისტიკის პროგრამის ხელმძღვანელი, პროფესორი ზაზა ცოტნიაშვილი, 12-18 მაისს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და ვენდას უნივერსიტეტს (ქ. ტოჰოიანდო, სამხრეთ აფრიკა) შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში, ადგილობრივი სამეცნიერო ფონდის გრანტის განხორცილების მიზნით, მოწვეული მეცნიერის რანგში, ვენდას უნივერსიტეტში საჯარო ლექციები და ვორქშოფები ჩაატარა.
საჯარო ლექციები მედიისა და საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებების აკადემიური პერსონალისა და სტუდენტებისთვის გაიმართა, თემებზე: „საინფორმაციო ომი და თავისუფალი მედია“, “ქართული მედიაგარემო და საქართველოს, რუსეთის, აშშ-ის ურთიერთობები”.
აღსანიშნავია, რომ ლექციებმა დიდი ინტერესი გამოიწვია ადგილობრივ მეცნიერებსა და სტუდენტებს შორის, რომელთა მხრიდანაც გამოითქვა მზადყოფნა, რომ სამომავლოდ განხორციელდეს უფრო მასშტაბური კვლევითი გრანტი კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტისა და ვენდას უნივერსიტეტის მედიის და საერთაშორისო მიმართულებების პროფესორებისა და სტუდენტების ჩართულობით.
სამხრეთ აფრიკელ სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ ზაზა ცოტნიაშვილის საავტორო მასტერკლასს - „იყავი წარმატებული“ დასწრებოდნენ. თემატიკა ბიზნესში ოცნებიდან წარმატებამდე მისასვლელ გზებს შეეხებოდა, რამაც სტუდენტებში მოტივაციის ამაღლება და ცხოვრებისადმი ახალი მიდგომების დასახვის სურვილი აღძრა.
მნიშვნელოვანი შეხვედრა შედგა მედიის სკოლის თანამშრომლებთან, რომლებიც კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის გამოცდილებას გაეცნენ, განსაკუთრებული მოწონება კი დაიმსახურა კსუ-ს ახალმა სამაგისტრო პროგრამამ - „მედიის კვლევები და მულტიმედია წარმოება."
აფრიკული სამეცნიერო ფონდისთვის დაიგეგმა ერთობლივი საგრანტო პროექტის მომზადება, დუალური პროგრამის განხორციელების ხელშეწყობის მიზნით კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტისა და ვენდას უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის.
ვიზიტის ფარგლებში ზაზა ცოტნიაშვილმა სპორტული აქტივობაც განახორციელა. ჩოგბურთის პოპულარიზაციის მიზნით, აფრიკელ კოლეგებთან და სტუდენტებთან ამხანაგურ შეხვედრები გამართა.
აღსანიშნავია, რომ მხარეებისთვის მნიშვნელოვანია ორი ქვეყნის უნივერსიტეტების კურიკულუმების განვითარებისთვის აქტიური თანამშრომლობა, რაც სამომავლოდ დაგეგმილი აქტივობებით განხორციელდება.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება