კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის, კარიერული განვითარების სამსახურისა და მედიცინის ფაკულტეტის ინიციატივით დაგეგმილი კარიერის კვირეულის ფარგლებში, მორიგი შეხვედრა სტუდენტებთან თემით - ,,ჩემი სპეციალობა - პედიატრია “ - პედიატრმა - თეიმურაზ მიქელაძემ გამართა.
,,ევექსის“ რეგიონალური ჰოსპიტალის და კლინიკა ,,კურაციოს“ პედიატრიული სამსახურის უფროსმა, მედიცინის დარგში მიღებული განათლება, კვალიფიკაცია, სამეცნიერო ნაშრომები და სამუშაო გამოცდილება მოკლედ მიმოიხილა.
მომხსენებელმა შეკრებილ აუდიტორიას, პედიატრიის, როგორც მედიცინის დარგის განმარტებაც შეახსენა და აღნიშნა, რომ ბავშვები საზოგადოების ერთ-ერთ დაუცველ ფენას განეკუთვნებიან და საჭიროებენ განსაკუთრებულ ყურადღებას.
კარიერის კვირეულის ფარგლებში, ჩატარებული შეხვედრა მომხსენებელმა რამდენიმე თემატურ ნაწილად დაყო და ისაუბრა ისეთ საკითხებზე, როგორიცა: ბავშვთა დაავადებები, მათი გავრცელების გეოგრაფიული არიალი, ინფექციური დაავადებების განსხვავება ეროვნების, ასაკისა და სქესის მიხედვით, ბავშვთა და მოზარდთა ასაკის პერიოდები, რაციონალური ანტიბიოტიკოთერაპია და სხვა.
თემურ მიქელაძემ აღნიშნა, რომ პედიატრიის დარგში უმნიშვნელოვანესია ნდობა, რომელიც უნდა არსებობდეს ექიმსა და პაციენტს, ასევე ექიმსა და პაციენტის მშობელს შორის. მომხსენებლის თქმით, ბავშვები მოზრდილებზე სწრაფად და ადვილად ახერხებენ გამოჯანმრთელებას, სწრაფად ექვემდებარებიან მკურნალობას, თუმცა ამ პროცესში უმნიშვნელოვანესია მშობლის მყისიერი რეაქცია ავადმყოფობის დროს და ექიმის მიერ შერჩეული სწორი მკურნალობის მეთოდები.
შეხვედრის დასკვნითი ნაწილი, კითხვა - პასუხის რეჟიმით გაგრძელდა. აღსანიშნავია, რომ თეიმურაზ მიქელაძემ უნივერსიტეტის ბიბლიოთეკას, მისი ავტორობით მომზადებული სახელმძღვანელო - ,,ორსულთა, მეძუძურ ქალთა და ადრეული ასაკის ბავშთა კვება“- უსახსოვრა.
შეგახსენებთ, რომ კარიერისა და მედიცინის ფაკულტეტის ინიციატივით დაგეგმილი კვირეულის ფარგლებში, 10-დან 15 დეკემბრის ჩათვლით, ჯამში 5 შეხვედრა გაიმართება. აღნიშნული პროექტი მიზნად ისახავს დაეხმაროს მედიცინის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებს კონკრეტული სპეციალობის არჩევასა და კარიერულ დაგეგმარებაში.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება