28 მარტს, კსუ-ს კარიერის კვირეულის ფარგლებში, ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის კვლევებისა და დაგეგმვის სამმართველოს მთავარი სპეციალისტის, ხატია ვაშაყმაძის მასტერკლასი გაიმართა, თემაზე: „კარიერა ტურიზმის სფეროში“.
მომხსენებელმა აუდიტორიას თავისი პროფესიული გამოცდილება გაუზიარა და იმ უნარ-ჩვევების შესახებ ესაუბრა, რომელიც აუცილებელია ტურიზმის სფეროში წარმატების მისაღწევად. ხატია ვაშაყმაძემ სტუდენტებს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საქმიანობა გააცნო და ზოგადად, ტურიზმის სფეროს უახლეს ტენდენციებზე გაამახვილა ყურადღება.
„მნიშვნელოვანია ტურიზმის არამარტო სწავლა, არამედ ამ საქმით სიამოვნების მიღება. წარმატების მისაღწევად აუცილებელია დაუღალავი შრომა, მნიშვნელოვანია სხვადასხვა აქტივობებში ჩართვა, უცხო ენების სწავლა და მუდმივი განვითარების პროცესი“ - განაცხადა ხატია ვაშაყმაძემ, მასტერკლასის დასასრულს კი სტუდენტებს, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის გამოცემა - „სახელმძღვანელო შემომყვანი ტურიზმის ბიზნესის დასაგეგმად“ - გადასცა.
შეხვედრაზე მნიშვნელოვანი იყო კსუ-ს ტურიზმის საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელის, ლალი მიქელაძის ჩანართები, რომელმაც აუდიტორიას დამატებითი ინფორმაცია მიაწოდა ტურიზმის სწავლებისა და პრაქტიკული საქმიანობის საკითხებზე.
შეგახსენებთ, რომ კარიერის კვირეული, კსუ-ს კარიერული განვითარების სამსახურისა და ბიზნესის ფაკულტეტის ინიციატივით ტარდება, რომელიც 4 თემატურ ღონისძიებას ითვალისწინებს. კვირეული მიზნად ისახავს ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტებს კონკრეტული სპეციალობის არჩევასა და კარიერულ დაგეგმარებაში დაეხმაროს.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება