ძვირფასო მეგობრებო,
ნება მიბოძეთ, მოგესალმოთ, დაგიდასტუროთ ჩემი უღრმესი პატივისცემა და თანადგომა.
ათ წელზე მეტი გავიდა, რაც ორი მოძმე, აზერბაიჯანელი და ქართველი, ხალხის ბიზნესის წარმომადგენლები, თქვენთან ერთად ვაშენებთ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტს.
დღეს ჩვენ უკვე თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ მრავალწლიანი ერთობლივი ძალისხმევა წარმატებით დაგვირგვინდა. საქართველოს უმაღლეს სასწავლებელთა ავტორიზაციის საბჭოს მიმდინარე წლის 14 ნოემბრის გადაწყვეტილებით, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტს მაქსიმალური, ექვსი წლის, ვადით განმეორებით მიენიჭა ავტორიზაცია. უნივერსიტეტმა უცხოელი და ქართველი ექსპერტების უმაღლესი შეფასება დაიმსახურა.
კიდევ ერთხელ გილოცავთ, მეგობრებო! ასეთ დროს გვეუფლება სიამაყის განცდა.
ჩვენი უნივერსიტეტისთვის დასრულდა ერთი ეპოქა, რომლის შემოქმედიც არის ყოველი ჩვენგანი, დამფუძნებლები, ადმინისტრაციული და აკადემიური პერსონალი, რაც მთავარია, სტუდენტობა _ ჩვენი ხვალინდელი დღე.
გადავწყვიტე, გულწრფელად გაგიზიაროთ ჩემი აღფრთოვანება და სიხარული.
დიდ აღიარებას წინ უსწრებდა თანმიმდევრული და სწრაფი განვითარების სტრატეგიული გეგმის შემუშავება, ინსტიტუციის ფინანსური მდგრადობის უზრუნველყოფა, მობილური, შედეგზე ორიენტირებული მმართველი გუნდის ჩამოყალიბება, მართვის თანამედროვე პრინციპების დანერგვა და განვითარება, კვალიფიციური აკადემიური კადრების მოზიდვა.
მიზანმიმართული, თავდაუზოგავი შრომით, ერთის მხრივ, უნივერსიტეტის გაცხადებული მისიისა და ამოცანების, მეორეს მხრივ კი რეალობისა და მომავალი გამოწვევების ადეკვატური გადაწყვეტილებების მიღებით, ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ მივიწევდით წინ დასახული მიზნისკენ და ასე მოვედით დღემდე. შედეგი შთამბეჭდავია.
დღეს უნივერსიტეტის საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე სწავლობს ოთხი ათასამდე სტუდენტი, მათ შორის, შვიდასზე მეტი _ ევროპის, აფრიკის, აზიისა და ახლო აღმოსავლეთის ოცდაექვსი ქვეყნიდან.
უნივერსიტეტი აქტიურად თანამშრომლობს უცხოეთის სამოცდაათამდე საგანმანათლებლო და კვლევით ცენტრთან. სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლების გაცვლითი პროგრამები და ერთობლივი სასწავლო-სამეცნიერო პროექტები ხორციელდება, როგორც გაფორმებული მემორანდუმების ფარგლებში, ისე ევროკავშირის, ეროვნული სამეცნიერო ფონდის, საქართველოში მოქმედი დონორი ორგანიზაციების თანადაფინანსებით. ყოველივე ეს ასევე ხელს უწყობს უნივერსიტეტის ცნობადობის ზრდას საერთაშორისო ასპარეზზე.
სწრაფი ტემპებით განვითარდა უნივერსიტეტის ინფრასტრუქტურა. ამჟამად ის ფლობს 15 000 კვადრატულ მეტრ სასწავლო და დამხმარე ფართს. ბოლო ერთი წლის განმავლობაში აშენდა და თანამედროვე ტექნოლოგიებით აღიჭურვა ბიბლიოთეკა და მულტიმედია ცენტრი.
სამედიცინო ფაკულტეტის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის ეტაპობრივად მოდერნიზებით მივიღეთ თანამედროვე საერთაშორისო მოთხოვნების შესაბამისად აღჭურვილი კლინიკური უნარ-ჩვევების ცენტრი და სასწავლო-კვლევითი ლაბორატორიები.
საქართველო მევენახეობა-მეღვინეობის უდიდესი ტრადიციების ქვეყანაა! ქართველი ხალხის მეგობარს მეამაყება, რომ ჩვენი უნივერსიტეტი ემსახურება ამ ტრადიციის გაგრძელებას სასწავლო-სამეცნიერო, სამეწარმეო მიმართულებით. გაიმართა მარანი „კოლხი“ უძველესი ქვევრებით, საწნახელითა და ენოთეკით. ათ ჰექტარზე გაშენდა ვენახი ქართული ვაზის 100-მდე ენდემური ჯიშით. მევენახეობა-მეღვინეობის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების სტუდენტები თეორიულ ცოდნასა და პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს ეუფლებიან თანამედროვე აპარატურით აღჭურვილ სასწავლო-კვლევით ლაბორატორიებში.
მართვის ეფექტიანობის, ფინანსური სტაბილურობის, სასწავლო პროცესისა და სამეცნიერო საქმიანობის ხარისხის შესამოწმებლად უნივერსიტეტი სისტემატურად იწვევს საგანმანათლებლო სისტემის ავტორიტეტულ უცხოელ ექსპერტებსა და აუდიტორებს, რაც მიანიშნებს, რომ ჩვენი უნივერსიტეტი ჩამოყალიბდა ხარისხის მაღალი კულტურის მქონე ინსტიტუციად.
დღეს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი სარგებლობს დიდი ავტორიტეტით არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ჩვენს რეგიონში. ეს არის ის სასწავლო და სამეცნიერო ინსტიტუცია, რომელიც მკაფიოდ წარმოაჩენს რეგიონში საქართველოს, როგორც დიდი საგანმანათლებლო პოტენციალის ჰაბს.
ყოველი ლოკალური, გნებავთ, გლობალური მნიშვნელობის წარმატება დიდი გზის მხოლოდ ერთი მონაკვეთია. ყოველ წარმატებას მოსდევს ობიექტური და ზოგჯერ სუბიექტური სირთულეებიც, ახალი გამოწვევები. ჩვენი პასუხი უნდა იყოს განვითარება და სვლა წინ, ევროპულ საგანმანათლებლო სივრცეში ინტეგრაციისკენ.
დარწმუნებული ვარ, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი მომავალშიც იქნება კვალიფიციური კადრების, მკვლევრების მომზადებისა და მეცნიერების განვითარების ავანგარდში.
მადლიერების განსაკუთრებული სიტყვებით მინდა მივმართო კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის კანცლერს, ბაქოს „ოდლარ იურდუს“ უნივერსიტეტის საპატიო პროფესორს, ჩემი და აზერბაიჯანელი ხალხის დიდი ხნის მეგობარს, ბატონ ვახტანგ წივწივაძეს. მსურს, გულწრფელი მადლობა ვუთხრა ქართველ კოლეგებს, უნივერსიტეტის ყველა თანამშრომელს.
დასასრულს, ნება მიბოძეთ, მოგილოცოთ დამდეგი ახალი წელი, გისურვოთ ჯანმრთელობა, მშვიდობა, წარმატება და კეთილდღეობა.
პატივისცემით,
ბაქოს „ოდლარ იურდუს“ უნივერსიტეტის რექტორი, ახმედ ვალიევი.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება