მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალი 2018, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საზეიმოდ გაიხსნა. ფესტივალი საქართველოს განათლების, მეცნიერების კულტურისა და სპორტის სამინისტროს ორგანიზებით იმართება და მასში კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი აქტიურად მონაწილეობს.
გახსნის ღონისძიებას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ალექსანდრე თევზაძე, აკადემიური წრეების წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ. კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი, ფესტივალის პირველ დღეს, კლინიკური უნარ-ჩვევების ცენტრის სტენდით იყო წარმოდგენილი. დამთვალიერებლებს საშუალება ჰქონდათ ცენტრის აღჭურვილობა დაეთვალიერებინათ და მულაჟების მაგალითზე ენახათ, თუ როგორ მიმდინარეობს სხვადასხვა შემთხვევაში პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენა, გულ-ფილტვის რეანიმაცია თუ სასიცოცხლო ნიშნების განსაზღვრა. ასევე მსურველებს საშუალება მიეცათ, კონკრეტული ინსტრუქციების მიხედვით, სხვადასხვა სამედიცინო მანიპულაცია შეესრულებინათ.
აღსანიშნავია, რომ კსუ-ს სტენდმა დამთვალიერებელთა დიდი ინტერესი გამოიწვია. მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალი 2018-ის მიზნები რამდენიმე ძირითად პუნქტადაა გაწერილი, მათ შორის:
• ქვეყნის სამეცნიერო და ინოვაციური პოტენციალის წარმოჩენა;
• ახალგაზრდების, სტუდენტებისა და სკოლის მოსწავლეების დაინტერესება სამეცნიერო კვლევებითა და ინოვაციებით;
• განათლების, მეცნიერებისა და კულტურის დაახლოება.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება