კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში, აკადემიურ განათლებასა და სამეცნიერო კვლევის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, დერმატოლოგიის დარგში მსოფლიოში აღიარებული მკვლევრის, პროფესორ თომას რუზიჩკას - საპატიო დოქტორის აკადემიური წოდების მინიჭების ოფიციალური ღონისძიება გაიმართა.
ღონისძიებას, კსუ-ს აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალი, ქართველი და უცხოელი სტუდენტები, დარგის სპეციალისტები და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
საპატიო დოქტორის წოდების მინიჭების ოფიციალური ღონისძიება, კსუ-ს რექტორმა, კახაბერ კორძაიამ გახსნა, დამსწრე საზოგადოებას მობრძანებისათვის მადლობა გადაუხადა და საზოგადოებას თომას რუზიჩკას მოღვაწეობის ძირითადი მომენტები გააცნო.
პროფესორის აკადემიური განათლებისა და სამეცნიერო კვლევების განვითარებაში შეტანილი წვლილის შესახებ ისაუბრა, კსუ-ს მედიცინის ფაკულტეტის დეკანმა - ლალი მეკოკიშვილმა.
საპატიო დოქტორის აკადემიური წოდების მინიჭების საზეიმო ცერემონიის დაწყებამდე, დამსწრე საზოგადოებას საშუალება მიეცა, მსოფლიოში სახელგანთქმული დერმატოლოგის, მიუნხენის ლუდვიგ მაქსიმილიანის უნივერსიტეტის საუნივერსიტეტო კლინიკის დერმატოლოგიური დეპარტამენტის ხელმძღვანელის - თომას რუზიჩკას საჯარო ლექცია მოესმინათ, სადაც თეორიულ ნაწილთან ერთად, განხილული იყო მკურნალობის მეთოდები და კონკრეტული თვალსაჩინოებები ფოტომასალის სახით.
პროფესორის ლექციის შემდეგ, დამსწრე აუდიტორიას სიტყვით მიმართა, კსუ-ს სამეცნიერო კვლევების დეპარტამენტის უფროსმა - სესილი გოგიბერიძემ. მან აღნიშნა, რომ უნივერსიტეტისათვის, რომლისთვისაც სამეცნიერო კვლევები უაღრესად მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით ღირებულია საზღვარგარეთის მოწინავე კვლევით ცენტრებთან თუ საუნივერსიტეტო კლინიკებთან ასეთი მჭიდრო კავშირი და ურთიერთობა.
საზეიმო ცერემონიის დასრულების შემდეგ, პროფესორმა მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა და მარანი ,,კოლხი“ დაათვალიერა.
შეგახსენებთ, რომ პროფესორი თომას რუზიჩკა აქტიურად არის ჩართული აკადემიური განათლებისა და სამეცნიერო კვლევის განვითარებაში, როგორც მსოფლიო მასშტაბით, ასევე საქართველოში. თომას რუზიჩკა აქტიურად მონაწილეობს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამეცნიერო აქტივობებში და საერთაშორისო პროექტებში უნივერსიტეტის მონაწილეობას მხარს უჭერს.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება