კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის კავკასიის გეოპოლიტიკური მოდელირების ლაბორატორიისა და ჰელსინკის მოქალაქეთა ასამბლეის ქართული კომიტეტის ინიციატივითა და ორგანიზებით, ახალგაზრდული საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა, რომელიც გაეროს უშიშროების საბჭოს 2250-ე რეზოლუციას შეეხებოდა. აღნიშნული რეზოლუცია 2015 წლის 9 დეკემბერს მიიღეს და ის წევრ სახელმწიფოებს უბიძგებს გაზარდონ ახალგაზრდების მონაწილეობა გადაწყვეტილების მიღების პროცესის ყველა დონეზე. ასევე, მოუწოდებს, რომ გაზარდონ ფინანსური, პოლიტიკური, ტექნიკური და ლოჯისტიკური მხარდაჭერა ახალგაზრდებისთვის, რომლებიც მონაწილეობენ კონფლიქტებისა და კონფლიქტების შემდგომ სამშვიდობო პროცესის მშენებლობაში.
ახალგაზრდული კონფერენცია, კსუ-ს კავკასიის გეოპოლიტიკური მოდელირების ლაბორატორიის ხელმძღვანელმა ალექსანდრე რუსეცკიმ გახსნა და შეკრებილ საზოგადოებას მოკლედ გააცნო გაეროს ახალგაზრდული მოძრაობის ისტორია საქართველოში.
აღსანიშნავია, რომ კსუ-ს სხვადასხვა ფაკულტეტის საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების სტუდენტებთან და კურსდამთავრებულებთან ერთად, შეხვედრას საქართველოს ახალგაზრდობის 2017-2018 წლის წარმომადგენელი გაეროში - გიორგი ტუმასიანი და მოქმედი წარმომადგენელი - ლიკა ტორიკაშვილი ესწრებოდნენ. ისინი შეკრებილ აუდიტორიას უსაფრთხოების საკითხებში საქართველოს ახალგაზრდული დიასპორის როლსა და გაეროს უშიშროების საბჭოს 2250-ე რეზოლუციის მნიშვნელობაზე ესაუბრნენ.
კონფერენციაში აშშ-დან ჩაერთო საპარლამენტო დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის საკონსულტაციო საბჭოს წევრი - ლელა ქართველიშვილიც.
შეგახსენებთ, რომ ახალგაზრდულ კონფერენციაზე, დამსწრე აუდიტორიის წინაშე, მოხსენებებით უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები და აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტები წარსდგნენ.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება